საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტთა უფასო მომზადებას STEM საგნებში დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტთა უფასო მომზადებას STEM საგნებში დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს

10-12-2020



საქართველოს ტექნიკურმა უნივერსირტეტმა უპრეცედენტო პროექტში, რომელიც აბიტურიენტებს უსასყიდლოდ შეასწავლის STEM-საგნებს, მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსამზადებელი კურსები დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. პროექტში ჩართულია რამდენიმე ასეული აბიტურიენტი დედაქალაქისა და  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის STEM-საგნებში მოსამზადებელი უსასყიდლო ონლაინ კურსები ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეიმუშავა. მოსამზადებელი კურსები მსურველთათთვის სრულიად უფასოა და მიზნად ისახავს აბიტურიენტების მომზადებას ორი მოდულის მიხედვით: „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“.

სასურველი მოდულის არჩევა და მოსამზადებელ ონლაინ კურსებზე დარეგისტრირება შესაძლებელი იყო  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების საჯარო სკოლების XI – XII კლასების მოსწავლეებისა და 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ სწავლობენ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში.

სტუ-ის უფასო მოსამზადებელ ონლაინ კურსებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია სპეციალური გვერდის - abiturienti.gtu.ge-ის მეშვეობით ჩატარდა. ამ ეტაპზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების დეპარატმენტი სასწავლო მოდულების შესაბამის ცხრილებს ადგენს და აბიტურიენტთა ჯგუფებს აკომპლექტებს. ოლაინ კურსები აბიტურიენტებს, მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან, სტუ-ის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.ge თითოეულ საგანში კვირაში 2-ჯერ, Zoom-აპლიკაციის მეშვეობით ჩაუტარდებათ. ოლაინ კურსებზე დასასწრებად აბიტურიენტს არ დასჭირდება რაიმე განსაკუთრებული აღჭურვილობა. საჭიროა მხოლოდ: წვდომა ინტერნეტთან, კომპიუტერი ან სმარტფონი, ყურსასმენი, რვეული და კალამი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფასო მოსამზადებელი ონლაინ კურსების დაწყების თარიღის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებულმა აბიტურიენტებმა ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტით და/ან sms-შეტყობინებით უკვე მიიღეს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს მოსამზადებელ ონლაინ კურსებს ორი მოდულის მიხედვით. ორივე მოდულში წამყვანი საგანი მატემატიკაა და ეს არ არის შემთხვევითი - ტექნიკურ უნივერსიტეტი პირველ რიგში დაინტერესებულია, ამ საგანში კარგად მომზადებული აბიტურიენტები მიიღოს. მათემატიკასთან ერთად, ახალგაზრდები, თავიანთი არჩევანის მიხედვით, შეისწავლიან ფიზიკას ან ქიმიას. ისინი არა მხოლოდ წარმატებით დაძლევენ ეროვნულ გამოცდას მათემატიკაში, არამედ, შეძლებენ ასეთივე წარმატებით გაიარონ ეროვნული გამოცდა კიდევ ერთ არჩევით საგანში - ფიზიკაში ან ქიმიაში, რითაც ისინი პრიორიტეტულ პოზიციაში აღმოჩნდებიან. ეს ჩვენი უნივერსიტეტის საჩუქარი და მხარდაჭერაა მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლა საინჟინრო-ტექნიკური პროფილის მქონე უნივერსიტეტში გააგრძელონ“, - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

როგორც რექტორი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი გახადოს მოტივირებული ახალგაზრდებისთვის და ამავე დროს, STEM საგნების (S-მეცნიერება; T-ტექნოლოგია; E-ინჟინერია; M-მათემატიკა) პოპულარიზაციასაც შეუწყოს ხელი. ის ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ სამომავლო პროფესიად ინჟინერიას განიხილავენ, მყარ საფუძველს მიიღებენ მათემატიკასა და დამატებით კიდევ ერთ საგანში: ფიზიკაში ან ქიმიაში. ამ საგნებში საბაზისო ცოდნაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პროცესში.

რაც მთავარია, უფასო მოსამზადებელ კურსებზე დარეგისტრირებულ აბონენტებს საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში დაეხმარებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც უდიდეს პროფესიულ ცოდნასთან ერთად, ახალგაზრდებთან ეფექტიანი მუშაობის გამოცდილებაც აქვთ. სასწავლო პროცესი  კი ეროვნული გამოცდებით გათვალისწინებული სასწავლო გეგმის შესაბამისად წარიმართება.

რაც შეეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც უფასო მოსამზადებელი კურსების გავლის შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარებენ, უნივერსიტეტში სწავლის პროცესში მათ მიმართ წამახალისებელი ღონისძიებები გატარდება.

 

სიახლეებში დაბრუნება