პროექტი VitaGLOBAL - პარტნიორობის შეხვედრა

პროექტი VitaGLOBAL - პარტნიორობის შეხვედრა

18-11-2020


16 ნოემბერს, Erasmus+ VitaGLOBAL პროექტის ფარგლებში, გაიმართა მორიგი პარტნიორობის შეხვედრა, რომელიც არსებული პანდემიის პირობებში Zoom პლატფორმის საშუალებით ონლაინრეჟიმში ჩატარდა (პროექტის ფარგლებში რიგით მე-10 ონლაინშეხვედრა).

პარტნიორობის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა როგორც პროგრამის, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან.

შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორებმა, ელიზაბეთ კოლუჩიმ (Elizabeth Colucci) და ნიკოლას პატრისიმ (Nicolas Patrici) (ესპანეთის OBREAL გლობალური ობსერვატორია) დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2020-2021 წწ., მათ შორის უნივერსიტეტი-საწარმოს კავშირების განვითარებასა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული აქტივობები და ამ თვალსაზრისით, ონლაინვორქშოპის ჩატარების დეტალები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოდულების დეტალურ განხილვას და ამ მოდულების იმპლემენტაციისას ონლაინქოუჩინგის განხორციელების შესაძლებლობებს, COVID-19 სიტუაციის გათვალისწინებით.

ასევე, კოორდინატორებმა მიმოიხილეს მოდულარიზაციის განვითარებასთან დაკავშირებული გზამკვლევის პროექტი და მისი დამოკიდებულება სწავლისა და სწავლების თანამედროვე მიდგომებთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის იმპლემენტაციის ფარგლებში დამატებითი აქტივობების ჩატარების შესაძლებლობებიც, რომელიც პროექტის თავდაპირველი გეგმით არ იყო გათვალისწინებული.

პარტნიორობის შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს აკადემიური მიმართულებით აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის პროფესორ-მასწავლებლებმა პროფ. ნინო ჩხარტიშვილმა (მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი) და ასისტენტმა თამარ საჩანელი, ხოლო ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი VitaGLOBAL - A Global Network for Agricultural Sciences and Viniviticulture: Internationalising through Joint Programmes (№585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის.

პროექტის კოორდინატორები არიან როვირასა და ვირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი) და OBREAL გლობალური ობსერვატორია (ესპანეთი), ხოლო კონსორციუმის შემადგენლობაშია 17 უნივერსიტეტი ევროპიდან (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია), სამხრეთ ამერიკიდან (ჩილე, ურუგვაი, არგენტინა), სამხრეთ აფრიკიდან და საქართველოდან.

დეტალური ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით იხილეთ VitaGLOBAL პროექტის ოფიციალურ ვეგვერდზე და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება