საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

17-11-2020


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას ტელეკომპანიების - „მთავარი“ და „TV  პირველი“ - ეთერში სხვადასხვა დროს გასულ სიუჟეტებზე რეაგირების მიზნით, კანონის შესაბამისად იმოქმედოს, - აღნიშნულია  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინააღმდეგ ტელეკომპანიების - „მთავარი“  და „TV პირველი“ - საინფორმაციო გადაცემებში ხელოვნურად პროვოცირებული, ფორსირებული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს.

ტელეკოპმპანიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში ჟურნალისტები გამოდიან მხარეებად და არ ემიჯნებიან რესპოდენტების ინტერპრეტაციას, რასაც უნივერსიტეტი განიხილავს, როგორც ცილისწამებას, რაც  უნივერსიტეტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

უნივერსიტეტისთვის სრულიად მიუღებელია აღნიშნულ ტელეკომპანიებში გაშუქებული, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ფაქტების უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოჩენა და საზოგადოების დარწმუნება იმ „რეალობაში“, რომლის ხელოვნურად შექმნის მიზანიც არის დასახული. მეტიც, ჟურნალისტები ცდილობენ უნივერსიტეტი პოლიტიკაში ჩაითრიონ და ავითარებენ უსაფუძვლო მოსაზრებას, თითქოს უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას გააჩნია ბერკეტი იძულებით ჩართოს სტუდენტები სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მისიაა საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა და ქვეყნისთვის კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადება.  ამასთან, უნივერსიტეტის ფუნქციაა აღზარდოს საზოგადოებრივად აქტიური, პასუხისმგებლობის გრძნობით აღვსილი მოქალაქე, რომლისთვისაც უმნიშვნელო არ არის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები. როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს, სწორედ ახალგაზრდა თაობის განსაკუთრებული აქტიურობით ეძლევა ბიძგი ქვეყნის განვითარებას.

იქონიოს პოლიტიკური შეხედულება - თითოული ადამიანის უფლებაა და უნივერსიტეტი პატივს სცემს თავისი თანამშრომლებისა და სტუდენტების მიერ ამ უფლების რეალიზაციას.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ემიჯნება პოლიტიკურად ანგაჟირებულ, მართულ პროცესებში ჩართვას. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, უფლებას იტოვებს სამართლებრივი რეაგირებისათვის კანონის შესაბამისად იმოქმედოს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.

 

სიახლეებში დაბრუნება