პროექტი VitaGLOBAL - ონლაინშეხვედრა მიკრობიოლოგიის სასწავლო მოდულის პრეზენტაციასთან დაკავშირებით

პროექტი VitaGLOBAL - ონლაინშეხვედრა მიკრობიოლოგიის სასწავლო მოდულის პრეზენტაციასთან დაკავშირებით

16-11-2020

9 ნოემბერს, ERASMUS+ VitaGLOBAL პროექტის ფარგლებში გაიმართა Zoom ონლაინშეხვედრა, რომელიც ეხებოდა პროექტის ფარგლებში შემუშავებული მიკრობიოლოგიის სასწავლო მოდულის წარდგენას, რომლის შესახებაც ისაუბრა სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასისტენტმა თამარ საჩანელმა.

შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის პროფ. ნინო ჩხარტიშვილი (მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი); ასოც. პროფ. ლია ამირანაშვილი (აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი); პროფ. დავით მაღრაძე (მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტი); ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი (სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილე).


თამარ საჩანელმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადად წარმოუდგინა VitaGLOBAL პროექტი, დეტალურად ისაუბრა პროექტის ფარგლებში შემუშავებული სილაბუსისა და მიკრობიოლოგიის სასწავლო მოდულის, მისი კომპონენტების შესახებ. ქალბატონმა თამარმა აღნიშნა მოდულის იმპლემენტაციისათვის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები და ლიტერატურა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა სილაბუსის განვითარების პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებზე (სილაბუსის განსხვავებული სტრუქტურა, განსხვავებული საკრედიტო სისტემა და სხვ.)

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი VitaGLOBAL - A Global Network for Agricultural Sciences and Viniviticulture: Internationalising through Joint Programmes (№585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის.

პროექტის კოორდინატორია როვირასა და ვირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ხოლო კონსორციუმის შემადგენლობაშია 17 უნივერსიტეტი ევროპიდან (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია), სამხრეთ ამერიკიდან (ჩილე, ურუგვაი, არგენტინა), სამხრეთ აფრიკიდან და საქართველოდან.

დეტალური ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით იხილეთ VitaGLOBAL პროექტის ოფიციალურ ვეგვერდზე და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდზე.


 

სიახლეებში დაბრუნება