სიმართლის საზომი მომავლის წრიულ კოლაიდერამდე - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის მეცნიერმა სტივენ გოლდფარბმა საჯარო ლექცია წაიკითხა

სიმართლის საზომი მომავლის წრიულ კოლაიდერამდე - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის მეცნიერმა სტივენ გოლდფარბმა საჯარო ლექცია წაიკითხა

08-10-2020

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო და სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციის (IPPOG) თავმჯდომარე, დოქტორი სტივენ გოლდფარბი, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სამეცნიერო წრეების წინაშე საჯარო ლექცით წარსდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, CERN-ის მეცნიერის საჯარო ლექცია - „სიმართლის საზომი - რას გვასწავლის დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ“ (A Measure of Truth – What the LHC teaches us about our universe and ourselves) -  არა მხოლოდ ფიზიკის მეცნიერების მკვლევრებისა და ამ  მიმართულების სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, არამედ ნაწილაკების ფიზიკის სფეროში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისა და გლობალური ექსპერიმენტების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირების, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით არის შემუშავებული და მსოფლიო ახალგაზრდობის მეცნიერებით დაინტერესებას ისახავს მიზნად.   

   

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის დარბაზში შეკრებილ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ცნობილი ფიზიკოსი, CERN-ის IPPOG კოლაბორაციის თავმჯდომარე, დოქტორი სტივენ გოლდფარბი სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ წარუდგინა.


რექტორმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მასშტაბურ საქმიანობაზე, რასაც IPPOG კოლაბორაცია სამეცნიერო აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებისთვის ახორციელებს, ისაუბრა CERN-ის საერთაშორისო ექსპერიმენტებსა და კვლევებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაწილეობის შესახებ.

 

„ჩვენს უნივერსიტეტს აქვს პატივი, უმასპინძლოს დოქტორ სტივენ გოლდფარბს. მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, მისი ლექცია ეხება იმ მნიშვნელოვან თემატიკას, რაც CERN-ში მიმდინარე უახლეს სამეცნიერო პროცესებს და უდიდეს ექსპერიმენტებს უკავშირდება. თქვენ მოისმენთ, თუ რა გამოწვევების წინაშეა მსოფლიოში განთქმული CERN-ი ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით და რა გლობალურ შეკითხვებსა და ამოცანებზე ცდილობს პასუხის გაცემას. IPPOG-ის ქსელში ერთიანდებიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები, მკვლევრები და კომუნიკაციის სპეციალისტები, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით მუშაობენ ნაწილაკების ფიზიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. CERN-ი სამეცნიერო კოლაბორაციაშია 30-მდე ქვეყანასთან, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-ფიზიკოსთა ჯგუფმა წლების განმავლობაში 15 საერთაშორისო პროექტი განახორციელეს, მონაწილეობა მიიღეს სტროუს ტრეკული დეტექტორების, ელექტრომაგნიტური კოლორიმეტრისა და კოსმოსური მიონების ვეტო დეტექტორების შექმნაში.


აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან, კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ფაქტის მომსწრენი გავხდით: ჩვენმა უნივერსიტეტმა, უდიდეს საერთაშორისო კონსორციუმთან ერთად, Horizon 2020-ის ფარგლებში, ევროკომისიის სამეცნიერო-კვლევითი დაფინანსება მოიპოვა, რაც 2 მლნ ევროს აღემატება. საერთაშორისო კონსორციუმის წევრობა და ამ დაფინასების მოპოვება უაღრესად მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება-განვითარებისთვის.


დარწმუნებული ვართ, დოქტორი გოლდფარბის ლექცია საინტერესო აღმოჩნდება ჩვენი სტუდენტებისთვის. მოგეცემათ საშუალება შეკითხვები დაუსვათ მას და კვალიფიციური პასუხები მიიღოთ. ამიტომ, მოგიწოდებთ, დღევანდელი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოთ. იმედი გვაქვს, გაითავისებთ იმ ფაქტსაც, რომ მეცნიერებისკენ სავალი გზები არ არის მარტივი, მაგრამ, ამავდროულად, უაღრესად საინტერესოა. ამასთან ერთად, მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხელ ჩხენკელმა და IPPOG-ის თავმჯდომარეებმა - დოქტორმა სტივენ გოლდფარბმა და პროფესორმა პედრო აბრეუმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც საქართველო IPPOG კოლაბორაციის წევრი ქვეყანა გახდება. ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტით ქართულ უნივერსიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, ჩაერთონ IPPOG კოლაბორაციის საქმიანობაში. ამით, ჩვენი სტუდენტებისთვის, მკველევრებისთვის გაიხსნება სრულიად ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისთვის. ასე რომ, ჩვენს ახალგაზრდა მკვლევრებს წინ საინტერესო სამეცნიერო ცხოვრება გელით“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.


„დროება შეიცვალა“, - ასე დაიწყო თავისი საჯარო ლექცია IPPOG კოლაბორაციის თავმჯდომარემ დოქტორმა სტივენ გოლდფარბმა და აღნიშნა, რომ პანდემიით შემნილი ახალი რეალობის მიუხედავად, CERN-ი 26 ქვეყანასთან თანამშრომლობასა და 6 გლობალურ ექსპერიმენტულ პროექტზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

    

CERN-ის უნიკალური სამეცნიერო ფოტომასალით მომზადებული პრეზენტაციის ფონზე, დოქტორმა გოლდფარბმა  CERN-ის საერთაშორისო ექსპერიმენტებსა და სამეცნიერო ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებზე ისაუბრა.

 

როგორც დოქტორმა გოლდფარბმა აღნიშნა, 26,7 კმ სიგრძის დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC), ამჟამად, მსოფლიოში ნაწილაკების ყველაზე დიდი და ძლიერი ამაჩქარებელია და მისი ფუნქციონირება 2035 წლამდე გაგრძელდება. LHC-ის მეშვეობით ჰიგსის ბოზონის არსებობა დადასტურდა, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა. ჰიგსის ბოზონის გარდა LHC-მ მრავალი სხვა აღმოჩენის წყაროც გახდა, თუმცა ფიზიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ სამყაროს უფრო მოუხელთებელი ასპექტების შესასწავლად კიდევ უფრო დიდი და ძლიერი ამაჩქარებელის შექმნაა საჭირო. სწორედ ამიტომ, CERN-ი მომავლის წრიული კოლაიდერის (FCC) მშენებლობას გეგმავს, რომლის სიგრძე 100 კმ-ს მიაღწევს.


მეცნიერმა ამაჩქარებლის ფუნქციებსა და დანიშნულებაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ამაჩქარებელი ნაწილაკებს სინათლის სიჩქარემდე აჩქარებს, შემდეგ ერთმანეთს აჯახებს. შედეგად კი, მეცნიერებს ფიზიკის კანონების გამოცდისა და შემოწმების საშუალება ეძლევათ. ამდენად მაღალი სიჩქარის მისაღწევად კი ამაჩქარებლის მაქსიმალურად დიდი ზომებია საჭირო. დოქტორი გოლდფარბის თქმით, მომავლის წრიული კოლაიდერი უფრო ძლიერი ამაჩქარებლითა და გრძელი გვირაბით იქნება აღჭურვილი და შეძლებს ისეთი ნაწილაკების დაფიქსირებას, რომლის აღმოჩენაც არსებული ტექნოლოგიებით შეუძლებელია. წრიული კოლაიდერის ფუნქციონირება, დაახლოებით, 70 წელი გაგრძელდება. მის კონცეფციას კი  1 300 მეცნიერი ხუთი წლის განმავლობაში წერდა.

 

საჯარო ლექციისას, საუბარი მომავლის წრიული კოლაიდერის დიზაინსაც შეეხო. ერთ-ერთია უზარმაზარი გვირაბი, რომელშიც ნაწილაკები ბევრად უფრო თავისუფლად იმოძრავებენ, ვიდრე დიდი ადრონული კოლაიდერის შედარებით მცირე გვირაბში. მეორეა ლეპტონების ამაჩქარებელი, რომლის საშუალებითაც ჰიგსის ბოზონისა და სხვა ახალი ნაწილაკების თვისებების შესწავლა უფრო დეტალურად მოხდება.


როგორც დოქტორმა გოლდფარბმა აღნიშნა, დიდი ადრონული კოლაიდერით დაგროვებულ ინფორმაციაზე მეცნიერები კიდევ მრავალი წელი იმუშავებენ, რადგან კოლაიდერმა, პასუხებთან ერთად, არაერთი ახალი შეკითხვა წარმოშვა - მეცნიერებს სურთ, გაიგონ, თუ როგორ მუშაობს ანტიმატერია და ბნელი მატერია, ან რატომ აღმოჩნდა ჰიგსის ბოზონი იმაზე ბევრად მსუბუქი, ვიდრე ეს წინასწარ ჰქონდათ ნავარაუდები. მისი თქმით, ამ შეკითხვებს სწორედ მომავლის წრიულმა კოლაიდერმა უნდა უპასუხოს.   

საჯარო ლექციის დასასრულ, IPPOG კოლაბორაციის თავმჯდომარესთან, დოქტორ სტივენ გოლდფარბთან საუბარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის, მატემატიკისა და ინფორმატიკის დეპარტამენტების სტუდენტებმა კითხვა-პასუხის ფორმატში გააგძელეს.


 

სიახლეებში დაბრუნება