საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიის დარგის VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიის დარგის VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

25-09-2020



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  -„სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, ფინანსური მხარდამჭერები კი გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტი და კომპანია „არემჯი რიჩ მეტალს გრუპი“ არიან.

 

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა.

 

„მოგესალმებით და, უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით უნივერსიტეტისა და დარგის მიმართ თქვენი თავდადებისთვის, იმისათვის, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, არ შეგიჩერებიათ თქვენი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა, რისი დასტურიც ჩვენი დღევანდელი კონფერენციაა. არ შემიძლია არ აღვნიშნო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭრა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თითოეული მედიცინის მუშაკის დამსახურება ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის წინაშე, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება და საქმიანობა პანდემიის პირობებში, ვიშრომოთ და მივაღწიოთ ახალ წარმატებულ შედეგებს.

 

საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტი იყო, არის და იქნება უმნიშვნელოვანესი საინჟინრო სკოლა, რომლის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ჩვენ ყველა ერთად 2022 წელს ვიზეიმებთ. ყოველთვის გამორჩული იყო მისი სამთო-გეოლოგიური სკოლა. ქვეყანას სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის გეოლოგები და სამთოელები არსებული გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და მოპოვებითი ამოცანების გადასაწყვეტად, რასაც ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი პირნათლად ასრულებს ქვეყნის საკეთილდღეოდ. წელს ჩვენ სტუდენტთა 98-ე ნაკადი მივიღეთ, დარგი ძალიან მოთხოვნადი გახდა“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

 

ონლაინ რეჟიმში კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხუროძემ. მისი თქმით, კონფერენციის თემატიკა უაღრესად მნიშვნელოვანია, ქართული გეოლოგიური სკოლის გაძლიერება კი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა.

 

კონფერენციაზე განიხილეს ერთი წლის მანძილზე ჩატარებული იმ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების შედეგები, რაც მთლიანად უკავშირდება საქართველოში გეოლოგიის, როგორც დარგის განვითარება-გაძლიერებას. წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევები ეხმიანება, როგორც დარგში მოქმედი ბიზნეს-კომპანიების სამომავლო ინტერესებს, ასევე, მთლიანად ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებსაც.

 

კონფერენციაზე განხილული 20-მდე თემა, უახლოეს მომავალში, კრებულის სახით გამოიცემა.


 

სიახლეებში დაბრუნება