studinfo.gtu.ge - ახალი საინფორმაციო გვერდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის

studinfo.gtu.ge - ახალი საინფორმაციო გვერდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის

25-09-2020



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირველკურსელებს მათთვის განკუთვნილ ახალ საინფორმაციო გვერდზე - studinfo.gtu.ge ავტორიზაციის გავლის შემდეგ, რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მიმართვა და საუკეთესო სურვილები დახვდებათ, რაც სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და ახალგაზრდებისთვის ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას უკავშირდება


სასწავლო პროცესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2020 წლის 28 სექტემბრიდან, დისტანციურ ფორმატში წარიმართება.


სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 ფაკულტეტის ადმინისტრაცია (დეკანატები) დღეს, 2020-2021 სასწავლო წელს სტუ-ის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირველკურსელებს ონლაინ რეჟიმში ხვდებიან. შეხვედრები 11:00 საათიდან მიმდინარეობს და დღის ბოლომდე გაგრძელდება. 


სტუ-ის ფაკულტეტების წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები პირველკურსელ ბაკალავრებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რიგით 98-ე ნაკადს, სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ, აცნობენ უნივერსიტეტის სასწავლო პირობებს, ინფრასტრუქტურას და პირველი სემესტრის სასწავლო განრიგს; აწვდიან ინფორმაციას სტუდენტური სერვისების შესახებ, განუმარტავენ დისტანციური (ელექტრონული) სწავლების სპეციფიკას და იმ ინსტრუმენტებს, რომლის მეშვეობითაც ტექნიკურ უნივერსიტეტში ონლაინ სწავლება წარიმართება. პირველკურსელებს აწვდიან ინფორმაციას სასწავლო ცხრილის შესახებ, რომლის ელექტრონული ვერსია ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.ge, ასევე, პირველკურსელთათვის სპეციალურად განკუთვნილ საინფორმაციო გვერდებზეა განთავსებული.

 

შეხვედრებზე პირველკურსელებს აცნობენ ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმას - elearning.gtu.ge , განუმარტავენ, რომ პლატფორმაზე, ინდივიდუალურ გვერდზე შესვლისას სტუდენტს დახვდება სასწავლო კურსების მიხედვით ატვირთული ელექტრონული სასწავლო მასალები, ინსტრუქციები სტუდენტებისთვის“- გზამკვლევი ვიდეორგოლების სახით, რომლის მეშვეობით ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაციის, პლატფორმით სარგებლობისა და ონლაინ ლექციებზე Zoom-ით ჩართვის შესახებ ინსტრუქციების მიღებაა შესაძლებელი.

 

ფაკულტეტების წარმომადგენლები პირველკურსელებს აწვდიან ინფორმაციას მათთვის განკუთვნილი საინფორმაციო გვერდის - studinfo.gtu.ge და პირველკურსელთა ელექტრონული სერვისების საუნივერსიტეტო სისტემის - vici.gtu.ge შესახებ და ესაუბრებიან იმ შესაძლებლობებზე, რაც ამ გვერდებზე ინტეგრირებით სტუდენტებს ეძლევათ. ცნობისათვის, vici.gtu.ge-ზე პირველკურსელები საკუთარი სასწავლო და ფინანსური ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ.

 

elearning.gtu.ge-ზე,  studinfo.gtu.ge-ზე და vici.gtu.ge-ზე ავტორიზაციის გავლა და გვერდების დათვალიერება დღეიდან იმ პირველკურსელებს შეეძლებათ, რომლთაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სასწავლო და ფინანსური ხელშეკრულება ამ ეტაპზე უკვე გაფორმებული აქვთ.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელი ბაკალავრების ინფორმირება შესაბამისი ფაკულტეტების ადმინისტრაციასთან ონლაინ შეხვედრის შესახებ sms-შეტყობინების მეშვეობით მოხდა. ყველა პირველკურსელ ბაკალავრს, რომელსაც უნივერსიტეტთან სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, წინასწარ გაეგზავნა ონლაინ შეხვედრაზე დასასწრები Zoom-ის ვირტუალურ ოთახთან წვდომის პაროლი და კოდი.


 

სიახლეებში დაბრუნება