სტუ-ის ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოების პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხად ტესტირება ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება

სტუ-ის ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოების პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხად ტესტირება ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება

19-08-2020



2020 წლის საშემოდგომო მიღებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება“ აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით, ტესტირება ჩატარდება:

ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერულ საგამოცდო ცენტრში, 2020 წლის 27 აგვისტოს, 11:00 საათზე, კომპიუტერის საშუალებით.

მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას #68, სტუ-ის პირველი კორპუსი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე დაიშვება პირი, რომელსაც გავლილი აქვს ელექტრონული რეგისტრაცია და წარმოადგენს პირადობის მოწმობას.

ტესტირების ჩაბარების მიზნით, აპლიკანტი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სტუ-ში რეგისტრაციასა და ტესტირებაზე.

დაგვიანებისა და პირბადის არქონის შემთხვევაში, აპლიკანტი არ დაიშვება რეგისტრაციასა და ტესტირებაზე.

ტესტირების ფორმა:

  1. ტესტირება ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.
  2. აპლიკანტმა უნდა შეასრულოს მისთვის განკუთვნილი ტესტური დავალება.
  3. ტესტირების ხანგრძლივობაა 120 წუთი.
  4. აპლიკანტს პროფესიული ტესტირება გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს 25 ქულაზე მეტს.

ტესტირების დროს აპლიკანტს, სტუ-ის ტესტირების კომისიის წინასწარი თანხმობით.

უფლება აქვს იქონიოს:

  • სასმელი წყალი
  • პირადი ჰიგიენის ნივთები
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები.

ტესტირების დროს აპლიკანტს ეკრძალება:

ა) პირბადის მოხსნა; ბ) სოციალური დისტანციის დარღვევა; გ) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ქონა; დ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა სტუ-ის ტესტირების კომისიის მიერ შეთავაზებული ნივთებისა; ე) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აპლიკანტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; ვ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება; სამუშაო ადგილის დატოვება - შესაძლებელია მხოლოდ კომისიის ნებართვით, თანმხლებ პირთან ერთად; ზ) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე; თ) საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

ტესტირებისას ამ პროცედურებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, აპლიკანტი მიიღებს გაფრთხილებას. მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი. აპლიკანტი მოიხსნება ტესტირებიდან.

ტესტირების შედეგები აპლიკანტებისათვის ცნობილი გახდება ტესტირების დამთავრებისთანავე.

პირი, რომელიც წარმატებით გადალახავს ტესტირებისთვის დადგენილ კომპეტენციის ზღვარს, ვალდებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე გაიაროს აკადემიური და ფინანსური რეგისტრაცია, რისთვისაც უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ზოგადი განათლების ატესტატი.

ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვის წესი:

  1. ტესტირების შედეგებტან დაკავშირებით, აპლიკანტს შეუძლია საპრეტენზიო განცხადება წარადგინოს ტესტირების ჩატარების ადგილზე, იმავე დღეს, 16:00 საათამდე.
  2. სტუ-ის მიერ ორგანიზებული ტესტირების (შემდგომში ტესტირება) ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება სტუ-ის საპრეტენზიო კომისიის მიერ.
  3. პრეტენზიების განხილვა დაიწყება 2020 წლის 31 აგვისტოს 11:00 საათიდან. მიღებული გადაწყვეტილება აპლიკანტს ეცნობება განხილვის დამთავრებისთანავე.

ცნობისათვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დანარჩენ მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე ტესტირებას ჩაატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას პორტალზე დარეგისტრირებული აპლიკანტები შეტყობინების სახით მიიღებენ.

 

სიახლეებში დაბრუნება