საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საუნივერსიტეტო სასწავლო-კვლევითი კლასტერის განვლილი აქტივობის შესახებ

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საუნივერსიტეტო სასწავლო-კვლევითი კლასტერის განვლილი აქტივობის შესახებ

18-08-2020


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საუნივერსიტეტო სასწავლო-კვლევითი კლასტერის მიერ 2019-2020 სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია ეფუძნება ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ  ივანე ჯაგოდნიშვილთან და საუნივერსიტეტო კლასტერის ხელმძღვანელ, პროფესორ მამუკა ბერიაშვილთან ინტერვიუს.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების - ივანე ჯაგოდნიშვილის, მამუკა ბერიაშვილის და მათი  უცხოელი კოლეგების: თ. კობუშის, გ. ლომანისა და  ი.ჰარდის ედიტორობით შეიქმნა და გამოიცა ახალი ინტერნაციონალური და ინტერდისციპლინური კრებული: კულტურა რელიგია ფილოსოფია / „KULTUR RELIGION PHILOSOPHIE“.

როგორც მამუკა ბერიაშვილმა აღნიშნა, ფუნდამენტური პრინციპი ევროპული უნივერსიტეტის ფუნქციონირებისა არის სწავლა და სწავლება კვლევიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტის ცალკეული ფაკულტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შემდეგ შესაბამისი ინსტიტუტებიც შედიან, უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ  საკვლევად შეირჩეს ინტერდისციპლინური თემები, რაც ევროპული უნივერსიტეტების მოთხოვნაა. ეს გახლავთ ტრანსდისციპლინურობა, ანუ  ნიშნავს, რომ საკვლევი თემა მარტო ვიწრო აკადემიური მნიშვნელობის კი არა, არამედ  საზოგადოებრივად  რელევანტური  უნდა იყოს.   

პროფესორ ბერიაშვილის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით, ამ ტიპის კრებულის შექმნაში მნიშვნელოვანია  კვლევის პროცესში  საზოგადოებრივი, სოციალური  ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაც, რაც სწორედ  ტრანსდიპლინურობის ძირითადი ფუნქცია და მიზანიც არის. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად, ამის გარეშე   ევროპაში კვლევები არ ტარდება.


საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე  შექმნილი საუნივერსიტეტო სასწავლო-კვლევითი კლასტერის  მუშაობა შემდეგი აქტივობებით  გამოირჩევა - ეს გახლავთ, ფაკულტეტის დეკანის - ივანე ჯაგოდნიშვილისა და მამუკა ბერიაშვილის ინიციატივითა და აქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით  ბოლო სამი წლის მანზილზე ჩატარებული ღონისძიებები:

  1. 2019 წელს, ზაფხულში, საირმეში მოეწყო დოქტორანტთა და მაგისტრანტთა საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი საფეხურის წარმატებული სტუდენტები, რომელიც „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან  დაფინანსდა.  აღნიშნულ პროექტში მოწვეულნი იყვნენ:  ბერკლის უნივერსიტეტის  პროფესორი - ნიკლაუს ლარგიელი და ბერლინის ჰუმბოლდტის ემერიტუს-პროფესორი ანდრეას არნდტი. (მსგავსი პროექტები წინა წლებშიც ჩატარდა ანაკლიასა და ქუთაისში,  რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის მაღალი საფეხურის სტუდენტები, ხოლო უცხოელი პროფესორებიდან პროექტში მონაწილეობდნენ: იოჰანეს ვაისი (კასელი), გეორგ ლომანი (ბერლინი), თეო კობუში (ბონი).
  2. აქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიურობით და ადენაუერის ფონდის დაფინანსებით, 2020 წლის 23-28 თებერვალს კახეთში, ლოპოტას ტბაზე კვლევით-სასწავლო დოქტორანტების და მაგისტრანტებისთვის ჩატარდა ზამთრის  ინტერნაციონალური დოქტორანტთა და მაგისტრანტთა კოლოქვიუმი „ადამიანის უფლებები, როგორც ამოცანა და გამოწვევა დემოკრატიული საზოგადოებისთვის“. აღნიშნულ კოლოქვიუმში მოწვეულნი იყვნენ გერმანელი პროფესორები: თეო კობუში (ბონი), ანდრეა არნდტი (ბერლინი) და  იორგ ჰარდი, რომელიც თანამშრომლობდა სტუ-ის ბაზაზე ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებით. ქართველების მხრიდან მონაწილეობდნენ საკმაოდ მაღალი რანგის სპეციალისტები - ლაშა ბრეგვაძე (თსუ) და თავად მამუკა ბერიაშვილი. დოქტორანტებმა და რამდენიმე მაგისტრანტმა  (გამონაკლისის სახით), წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომები ინგლისურ და გერმანულ ენებზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კოლოქვიუმი  მიმდინარეობდა ინგლისურ-გერმანულ ენებზე, თარჯიმნის  დახმარების გარეშე. 
  3. სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა  და სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობათა ფაკულტეტებზე  ბოლო სამი წლის მანძილზე მოწვეული იყვნენ ევროპელი პროფესორები:  ვალტერ იეშკე - (ჰეგელის არქივის სამეცნიერო დირექტორი და ბოხუმის უნივერსიტეტის გერმანული კლასიკური ფილოსოფიის  კათედრის გამგე), გეორგ ლომანი (ბერლინი), არნდ პოლმანი (ბერლინი), თეო კობუში (ბონი), იოჰანეს ვაისი (კასელი), მათიას კუმი  (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი), ლუდვიგ ზიპი (გერმანული იდეალიზმის, ახალი დროის ფილოსოფიისა და სოც. ფილოსოფიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, მიუნსტერი) და მარტინ ბოლახერი (ბოხუმი). მოწვეულმა პროფესორებმა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის ჩაატარეს სემინარების ციკლი. იმისათვის, რომ კვლევები სტუ-ში თანამედროვე ევროპულ სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობდეს, ხსენებული ევროპელი კოლეგები და სხვებიც აქტიურად თანამშრომლობენ სტუ-ის შესაბამის აკადემიურ სტრუქტურებთან, ერთობლივი კრებულებისა და წიგნების შექმნა-გამოცემის პროცესში.
  4. კრებულის - „კულტურა რელიგია ფილოსოფია“ გარდა, სასწავლო-კვლევითი  კლასტერის ფარგლებში გამოცემულია  შემდეგი კრებულები:
    - ,,რელიგია და სახელმწიფო“, ედიტორები: მამუკა ბერიაშვილი, არნდტ პოლმანი.
    - კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები, ედიტორები: მამუკა ბერიაშვილი, გეორგ ლომანი და არნდტ პოლმანი.

        სამივე მათგანი ინტერდისციპლინური და ინტერნაციონალიზებულია.

  1. გერმანელ, ბულგარელ, შვედ პროფესორებთან  ერთად  გამოიცა კრებული - მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია სოციალ-თეორიულ მიმართებებში, რომელიც  საქართველოში პირველად დაიბეჭდა და ევროპაშიც კი იშვიათია ამ ტიპის კრებულების გამოცემა. ედიტორები: მამუკა ბერიაშვილი, იოჰანეს ვაისი.
  2. 2019 წელს  დასრულდა  და გამოიცა  პროექტი - „სამართლიანობისა და თავისუფლების იდეა  ქართულ  სააზროვნო სივრცეში“, მამუკა ბერიაშვილისა  და ივანე  ჯაგოდნიშვილის თანახელმძღვანელობით. უკვე გამოიცა წიგნი -„თავისუფლების იდეა გ.ვ.ფ ჰეგელის მეცნიერების სისტემის მიხედვით“, ავტორები მამუკა ბერიაშვილი, მარიამ ხაზარაძე, შტეფან ციმერმანი. ამავე დროს, 2020 წელს გამოიცემა კრებული ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხის შესახებ - „Covid-19: გამოწვევები. გლობალური და ევროპული ახალი სოციალური წესრიგი“. კრებულის ედიტორია მამუკა ბერიაშვილი, ხოლო სამეცნიერო საბჭოს შეადგენენ: მამუკა ბერიაშვილი, მარკუს გაბრიელი, დავით გურგენიძე, თეო კობუში, ილია მარჯანიძე, გიორგი ღავთაძე, ივანე ჯაგოდნიშვილი, თამარ ცოფურაშვილი, თეონა ხუფენია. გამომცემლობა მერიდიანში გადაცემულია ფილოსოფიის დოქტორის, ირაკლი თაბორიძის წიგნი სამართლის მოძღვრება. ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის გამოვა კრებული - თავისუფლების კონცეპტები ქართულ სააზროვნო სივრცეში. მისი გამომცემლები, ხსენებულ პროფესორებთან ერთად, არიან სტუ-ის ახალგაზრდა დოქტორანტები.
  3. უნდა აღინიშნოს, რომ დასრულებულია დიდი გერმანელი ფილოსოფოსის გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიის“ თარგმანი, რომელიც სექტემბრის ბოლომდე გამოიცემა. პროექტი დააფინანსა სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა. ნაშრომი თარგმნეს პროფესორმა გია ბარამიძემ და სტუ-ის დოქტორანტმა მარიამ ხაზარაძემ. ამავე დროს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს პროექტებს ჰეგელის „რელიგიის ფილოსოფიისა“ და კანტის ანთროპოლოგიური და პოლიტიკური ტექსტების გამოცემისათვის.
  4. სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით დაწყებულია დიდი, ხუთწლიანი პროექტი, სახელწოდებით - ,,სახელმწიფო და სამართლი’’. იგი იწყება ანტიკური პერიოდიდან და სრულდება თანამედროვე სოციალური თეორიებით. ამ პროექტში სტუ- პროფესორების, დოქტორანტების და პოსტ-დოკების გარდა - რომელთა შემადგენლობა შემდეგია: დავით გალაშვილი, მარიამ ხაზარაძე, თორნიკე ლელაშვილი, ქეთევან რჩეულიშვილი, ირაკლი თაბორიძე - მონაწილეობენ წამყვანი უცხოელი პროფესორებიც: თეო კობუში, ანდრეა არნდტი, გეორგ ლომანი, არნდტ პოლმანი, ნიკლაუს ლარგიერი ბერკლის უნივერსიტეტიდან. ტომები შემდეგნაირად ნაწილდება: „ანტიკური სამყარო და შუასაუკუნეები“, „აღორძინების ხანა და ახალი დრო“, „გერმანული კლასიკური ფილოსოფია“, „მოდერნის დასაწყისი“, „თანამედროვე თეორიები სახელმწიფოსა და სამართლის შესახებ“.
  5. ავსტრიელ, გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად, გაისად დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველ  კონსტიტუციას. მოწვეული იქნებიან წამყვანი სოციალ-თეორეტიკოსები და სამართლის ფილოსოფოსები.
  6. 2024 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა  და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უშუალო ინიციატივით ჩატარდება ჰეგელის მსოფლიო კონგრესი, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება. ნებისმიერმა ქვეყანამ ამ კონგრესის მასპინძლობის უფლება რომ მიიღოს, სჭირდება არანაკლებ 8 წელი;  საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კი, თავისი გარკვეული წარმატებით და ევროპელი სწავლულებისა და კოლეგების მხარდაჭერით, მოკლე დროში შეძლო ამ მიზნის მიღწევა. პროექტში, მსოფლიო მასშტაბით სამასამდე წამყვანი სპეციალისტი მიიღებს მონაწილეობას და ამავე დროს, სტუ-ის წარმატებულ დოქტორანტებსაც ექნებათ მასში მონაწილეობის მიღების საშუალება. ეს ფორუმი ჰუმანიტარულ და სოციალურ დარგებში შესაძლოა შეედაროს მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. უნდა აღინიშნოს, რომ ჰეგელის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარეა გერმანელი პროფესორი ანდრეას არნდტი, რომელიც სტუ-თან მჭიდროდ თანამშრომლობს. ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სახელზე მილოცვის წერილი უკვე გამოგზავნილია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სტუ 2024 წელს კონგრესის მასპინძელია.

სასწავლო-კვლევითი კლასტერის ხელმძღვანელის, მამუკა ბერიაშვილის განცხადებით,  ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდში შეაქვთ პროექტი იმისათვის, რომ  დოქტორანტებმა ფორუმისთვის მოსამზადებელი სამუშაობი სრულფასოვნად ჩაატარონ და ღირსეულად წარადგინონ საკუთარი ნაშრომები. ეს იქნება 2021- 2022 წლის მნიშვნელოვანი პროექტი.  

2022 წელს კონგრესი ჩატარდება ხორვატიაში, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ფაკულტეტის დეკანი ივანე ჯაგოდნიშვილი   და სასწავლო-კვლევითი კლასტერის ხელმძღვანელი მამუკა  ბერიაშვილი (მოხსენებით წარსდგება) მიწვეული იქნებიან საპატიო სტუმრებად. სწორედ ამ კონგრესზე სტუ- რექტორს, დავით გურგენიძეს ოფიციალურად გადაეცემა ჰეგელის მსოფლიო კონგრესის მასპინძელი ქვეყნის დიპლომი.  

სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ივანე ჯაგოდნიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლევების მიმართულებით,  უნივერსიტეტის  მთავარი  მისია, ახალი ცოდნის შექმნაა. უნივერსიტეტი  რებრენდიგის, სასიკეთო რეფორმების პროცესშია. ასევე იგეგმება, სწავლების მიმარულებით ზემოხსენებული კონცეპტების განვითარება.

„ვგულისხმობ, პირველ რიგში, თვისობრივად ახალი ევროპული მოდელის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას, სამუშაო იდეის დონეზე შეჩერებული ვართ სოციალურ თეორიებზე, გპირდებით, ძალიან საინტერესო და მიმზიდველი  პროგრამა იქნება. თვისობრივად განსხვავებული ჩვენი დოქტორანტურის საგანმანათლებლ პროგრამებისგან“.

ამ მიმართულებით, კლასტერის ფარგლებში ჩატარებული მინდინარე სამუშაოების შედეგად  დაგროვილი ახალი ცოდნის გათვალისწინებით, იგეგმება ახალი პროგრამის შემუშავება.  

ევროპელ კოლეგებთან ერთად კვლევით პროცესში დაგეგმილია ქართველი კოლეგების აქტიურად ჩართვა. იდეის დონეზე  შემუშავებულია  ქოლგა თემა, რომელიც დაახლოებით, 3-4 წელზე იქნება გათვლილი,  სახელწოდებით - ქართული ჰუმანიტარული აზროვნების ევროპეიზმი.

ივანე ჯაგოდნიშვილის განცხადებით: „ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად წმინდად ქართული  და ქართულ წიაღში არსებული სამეცნიერო ტრადიციების, გამოცდილების გათვალისწინებით შევჯერდით სამომავლოდ ამ პოექტს, რაც სამომავლოდ ინგლისურ და გერმანულ ენებზე ითარგმნება. რადგან ჩვენი სამეცნიერო პროდუქცია მთარგმნელობითი პრაქტიკის სიმცირის გამო  მოკრძალებულადაა წარმოდგენილი ევროპულ კვლევით-საგანმანათლებლო სივრცეში და ეს ნაკლიც გვინდა ჩვენი შესაძლებლობის  ფარგლებში გადავფაროთ. გვსურს, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის რეალურად ხელმისაწვდომი გახდეს ქართველი მეცნიერების ნარკვევები. ამ გეგმებს გვიმყარებს ის გარემოება, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან არის თანამშრომლობის მაღალი მზაობა და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი საქართველსო ტექნიკურ უნივერსიტეტს ტრადიციული, ღირსეული  სახით წარმოაჩენს  საერთაშორისო ჰუმანიტარულ და სოციალურ მიმართულებების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“.


 

სიახლეებში დაბრუნება