სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელებმა სემინარი ჩაატარეს

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელებმა სემინარი ჩაატარეს

18-08-2020


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით მორიგი სამუშაო შეხვედრა-სემინარი გაიმართა.

მემორანდუმის ფორმატით, აღნიშნული ღონისძიება რიგით მეორეა განსაზღვრულ სამუშაო შეხვედრების ციკლში.


პირველი შეხვედრა-სემინარი 3 ივნისს ჩატარდა, რომელიც საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ არსებული ეპიდემიური მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას მიეძღვნა.  მონაწილეები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა მიერ მომზადებულ საინფორმაციო მასალებს გაეცნენ.  

სემინარზე წარმოდგენილი იყო კოვიდ 19-ის ფარგლებში ქართული ჯანდაცვისათვის ამ ეტაპზე აქტუალური ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც მოითხოვს მათემატიკური სტატისტიკის და მოდელირების მეთოდების გამოყენებას, შესაბამისად, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარების ჩართვას აღნიშნული პრობლემატიკის გადაწყვეტაში.

შეხვედრაზე, ცენტრის მედიკოსთა მიერ დასმული ამოცანების განხილვისას, შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში მათემატიკოსთა მხრიდან, მათთვის ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გადაცემული ინფორმაციის დამუშავებისას, ძირითადი ყურადღება დაეთმობა მონაცემთა სტატისტიკურ შესწავლას, როგორც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის მიერ განხორციელებული ინტერვენციების, ასევე კორონავირუსის დიაგნოზით ქვეყნის სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტების მახასიათებლების მიხედვით.

პირველი სემინარის მუშაობის შეჯამებისას, მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტის უფროსმა დავით თავხელიძემ, ხაზი გაუსვა მათემატიკური მეთოდების გამოყენების მნიშვნელობას სამედიცინო კვლევებში და მიესალმა ესოდენ მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას მათემატიკოსთა და მედიკოსთა შორის აღნიშნული ორგანიზაციების სახით.

შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, უძღვებოდა გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი ვახტანგ კვარაცხელია, მოხსენებით გამოვიდა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, პროფესორი ქართლოს ყაჭიაშვილი.

მომხსენებელმა  კორონავირუსის ფარგლებში მის ხელთ არსებული ინფორმაციის მათემატიკური დამუშავების მეთოდიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მის მიერ წარმოდგენილი და გაანალიზებული იქნა სტატისტიკური კვლევის ზოგიერთი შედეგი ივნისში გამართულ სემინარზე დასმული ამოცანების ირგვლივ. პროფესორ ქ. ყაჭიაშვილის მოხსენება სემინარის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს.

 აღინიშნა, რომ მოხსენებაში აღწერილი  მიდგომა  იძლევა რიცხვითი შედეგების სიზუსტის გაზრდის საშუალებას მონაცემთა სათანადო სტრუქტურიზაციისა და გარკვეული ოპტიმიზირების პირობებში. შესაბამისად, ამ მიმართულებით განვითარებულმა კვლევებმა შესაძლოა მიგვიყვანოს საკმარისად საინტერესო შედეგებამდე.

შეხვედრის ბოლოს სემინარის მონაწილეებმა ერთობლივი კვლევების მასშტაბების გაფართოებაზე და თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.


 

სიახლეებში დაბრუნება