საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შედეგები შეაჯამეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შედეგები შეაჯამეს

17-08-2020

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 2019-2020 სასწავლო წელი დასრულებულად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების ხელმძღვანელობას, აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

დავით გურგენიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გუნდური მუშაობით შეძლო წარმატებით დაეძლია ყველა ის გამოწვევა და სირთულე, რის წინაშეც დადგა ქართული საუნივერსიტეტო საზოგადოება. რექტორმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ მზადყოფნაზე ახალი, 2020-2021 სასწავლო წლის მოსალოდნელ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სასწავლო პროცესის ოპტიმალურად წარმართვას გულისხმობს.

„დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასწავლო წელი დავასრულეთ და დავასრულეთ წარმატებით. ეს არის შედეგი იმისა, რომ თითოეული პროფესორი, მასწავლებელი, ადმინისტრაციის თანამშრომელი დაუღალავად და ერთგულად ემსახურა სტუდენტისა და მთლიანად უნივერსიტეტის ინტერესებს. სწორედ ესაა ჩვენი მომავალი განვითარების გზაც: განახლებული, სტუდენტზე და პროფესორზე ორიენტირებული უნივერსიტეტი, რასაც ემსახურება ჩვენ მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეორგანიზაციისა და რებრენდინგის პროცესები. სულ მალე ღირსეულად უნდა ვიზეიმოთ უმნიშვნელოვანელი თარიღი - უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილე. ეს ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და არა მხოლოდ წარსული დიდების, არამედ უახლესი მიღწევების წარმოჩენით უნდა შევძლოთ ამ გამორჩეული თარიღის აღნიშვნა. ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რა შედეგების მოტანა შეუძლია მთელი კოლექტივის ერთსულოვნებას და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი სასწავლო წელი იქნება გარდამტეხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარების ახალი გზების მოძიების მიმართულებით“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

შეხვედრის დასასრულ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიურ და ტექნიკურ პერსონალს მადლობა გადაუხადა ფორსმაჟორის პირობებში კარგი მუშაობისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა მიმდინარე სასწავლო წლის წარმატებით დასრულება.

 

სიახლეებში დაბრუნება