სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმი გაფორმდა

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმი გაფორმდა

06-08-2020 https://www.facebook.com/MESGeorgia/videos/344505663611873/?fref=ts  


 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობისთვის მზაობა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს.

ახალი პროექტი საზოგადოებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მნიშვნელობასა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვაზეა ორიენტირებული.

მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რაც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევრის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს სემესტრულად  750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.

მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. მან დადებითად შეაფასა თავდაცვის უწყების მიერ დაწყებული ახალი პროექტი, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„ჩვენი ქვეყნის განვითარების, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, სამხედრო ძალებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას, გულისხმობს მრავალმხრივ განვითარებულ, თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ ჯარს, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო საქმეში მომზადებასთან ერთად, გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო შეგნებით, ღრმად აცნობიერებენ სახელმწიფოსა და მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების ამოცანებს. ამავე დროს, ეს გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისადმი სახელმწიფოს თანადგომას, საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას შეიაღაღებული ძალების როლისა და მნიშვნელობის შესახებ. ამიტომ, მივესალმებით თავდაცვის მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომელიც ჯარისკაცზე ორიენტირებულ ახალ სოციალურ პოლიტიკას დაუდებს სათავეს. პროექტი გულისხმობს სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას, ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესებას, სამხედრო მეცნიერებათა განვითარებას, ქართული ჯარის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ბუნებრივია, ამ პროცესში განათლების სისტემას განსაკუთრებული როლი ეკისრება. მოხარული ვართ იმ შესაძლებლობით, რომ ამ ძალზე მნიშვნელოვან პროექტში საკუთარი წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პროექტში ჩართული უნივერსიტეტები საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვეგდანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებს უზრუნველყოფენ. პროექტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაა. პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში კი, სამხედრო მოსამსახურეები სტუდენტებისთვის მოაწყობენ პრეზენტაციებს საქართველოს სამხედრო ისტორიისა და ეროვნული გმირების, საქართველოლოს თავდაცვის ძალების, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და სხვა თემატური საკითხების შესახებ, რაც მიხეილ ჩხენკელის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდის მიმართულებით.


 

სიახლეებში დაბრუნება