აკადემიკოსი ცოტნე მირცხულავა - 100
ქვეყნის იმ დამსახურებულ მეცნიერთა შორის, რომლებმაც ქართული მეცნიერების მიღწევები მსოფლიო დონეზე აიყვანეს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოსა და რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსს, ფაზისის საერო აკადემიის პრეზიდენტს, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელს, აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას.
ფასდაუდებელია ბატონი ცოტნეს ღვაწლი წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, ჰიდროტექნიკის, ჰიდრომელიორაციის, საიმედოობის, რისკისა და სხვა მონათესავე მეცნიერების განვითარებისა და სრულყოფის საქმეში. მის მიერ დარგისთვის დატოვებული მეცნიერული მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს გაუწევს მნიშვნელოვან სამსახურს მის მშობლიურ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს და, საერთოდ, ქართულ მეცნიერებას.
ბატონი ცოტნე მირცხულავა დაიბადა ქ. ფოთში 1920 წლის 25 ივლისს. მამის, ბატონი ევგენის ადრეულ ასაკში გარდაცვალების გამო, მან ბავშვობიდანვე დაიწყო შრომითი საქმიანობა, რათა მხარში ამოსდგომოდა დედას მარიამ კვირკველიას. ბატონი ცოტნე წარმატებით ამთავრებს ფოთის ჰიდრომელიორაციის ტექნიკუმს და იმავე წელს მისაღებ გამოცდებს აბარებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, რომელსაც ნაცვლად 5-ისა, 3 წელიწადში ამთავრებს.
1956 წლიდან ბატონი ცოტნე, ინსტიტუტის მაშინდელი დირექტორის, პროფესორ მიხეილ გაგოშიძის ინიციატივით, მუშაობას იწყებს საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში, ხოლო 1968 წლიდან 2005 წლამდე - 37 წელი ამ ინსტიტუტის დირექტორია. დიდია ბატონი ცოტნეს დამსახურება წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვებაში.
გასაოცარია ის ფაქტიც, რომ თავისი შექმნილი და დანერგილი მექანიკის მოდელები მან წარმატებით გამოიყენა მედიცინაში, ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებების შემოთავაზებით, რომელსაც სოციალურ ქსელში 600 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა, განსაკუთრებით უკრაინიდან. ინტერნეტში ასეთი ფრაზაც კი გამოითქვა: ,,ნუთუ მირცხულავა - ეს ერთი და იგივე პიროვნებაა, რომელიც ასე ეფექტურად მუშაობს წყალთა მეურნეობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტასა და, ამავე დროს, მედიცინაში ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების საკითხებზე?”. ამ ფენომენის გამოყენებას მის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჰქონდა ადგილი, ყოფით ურთიერთობებთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევისას.
მეცნიერის ეს თვისებები მას ჩამოუყალიბდა ჯერ კიდევ პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ საქნავთობის დედოფლისწყაროს ობიექტზე მოღვაწეობის პერიოდში. იგი მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან დაუზარებლად ასრულებდა არა მარტო მასზე განპირობებულ სამუშაოებს, არამედ ხშირად, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვდა, უბრალო მუშასაც კი ჩაენაცვლებოდა ხოლმე. ამიტომ იყო, რომ კოლექტივში იგი პატივისცემითა და დაუფარავი სიყვარულით სარგებლობდა. მისი ამგვარი თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩენია ,,საქნავთობის” ხელმძღვანელობას და სულ მალე გადმოიყვანეს თბილისის სათავო ოფისში ტრესტის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე (1942-1953 წწ).
ბატონ ცოტნეს მაღალი რეიტინგის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 600-ზე მეტი ნაშრომი, აქედან 26 მონოგრაფია. მონოგრაფია “ჰიდრომელიორაციულ ნაგებობათა საიმედოობა” 1974 წელს ითარგმნა აშშ-ში ინგლისურ ენაზე და ნიდერლანდებში ბეკლემის გამომცემლობამ გამოსცა.
კოლეგებში გაოცებას იწვევდა ბატონი ცოტნეს შრომებში გამოყენებული კოლოსალური ოდენობის ლიტერატურული წყაროების შესწავლის, ანალიზისა და შეფასების უნარი, რასაც იგი ახორციელებდა მისთვის ჩვეული ოპერატიულობით, სიზუსტითა და მიზანდასახულობით. აქვე უნდა აღინიშნოს შრომების ციტირების უნარი არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ მხატვრული ლიტერატურიდანაც. მან ისე მოხერხებულად იცოდა ციტირების შერჩევა, რომ მკითხველს ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ცნობილ მწერალთა და პოეტთა ესა თუ ის გამონათქვამი სწორედ განსახილველი მეცნიერული საკითხებისადმი იყო მიძღვნილი. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ თვალს გადავავლებთ ბატონი ცოტნეს მონოგრაფიებს, შემოთავაზებულს დარგის ისეთი აქტუალური საკითხების გადასაწყვეტად, როგორიცაა ,,ჰიდროტექნიკური და ჰიდრომელიორაციული ნაგებობების საიმედოობა“, ,,საშიშროებანი და რისკი წყალსამეურნეო და სხვა დანიშნულების ობიექტებისათვის“ და სხვა.
მისი ავტორობით გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები სახელმწიფოებრივი ღირებულების ნორმატიულ დოკუმენტებთან ერთად, როგორებიცაა: ,,წყლის ნაკადის დასაშვები არაგამრეცხი სიჩქარეების დადგენა გრუნტებისა და ნიადაგებისათვის“, ,,საინჟინრო ნაგებობების საიმედოობისა და რისკის გამოთვლის ორიგინალური მეთოდიკა“, ,,საშიშროებანი და რისკი“, მართებულად აღიარეს მსოფლიოს ცნობილმა სპეციალისტებმა.
ბატონი ცოტნეს მიერ გამოქვეყნებული შრომების ამგვარი შეფასება საწინდარია იმისა, რომ მეცნიერი აღიარებული ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა არა მარტო მის თანამემამულე, არამედ საზღვარგარეთელ კოლეგათა შორისაც, რის დასტურადაც იგი ერთხმად იქნა არჩეული რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჯერ წევრ-კორესპონდენტად, ოდნავ მოგვიანებით - ნამდვილ წევრად. იგი წლების განმავლობაში იყო საკავშირო მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტთან არსებული წყალთა მეურნეობის მუდმივმოქმედი კომისიის უცვლელი თავმჯდომარე. უფრო მეტიც, ბატონი ცოტნე გარდაცვალებამდე ასრულებდა ჰიდრავლიკური კვლევის საერთაშორისო ასოციაციის, ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას.
ბატონი ცოტნე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პარალელურად, 50 წლის განმავლობაში, აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე. მისი ხელმძღვანელობით როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ დაცულია 100-მდე საკანდიდატო და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომი.
აკად. ც. მირცხულავა 1970 წლიდან არის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, 1973 წლიდან კი სსრ კავშირის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.
1993 წლიდან ც. მირცხულავა არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, იმავდროულად საზოგადოებრივ საწყისებზე “ფაზისის აკადემიის” პრეზიდენტია.
აკადემიკოსი ც. მირცხულავა არაერთხელ იყო არჩეული საერთაშორისო სიმპოზიუმების, სემინარების (პრაღაში, პარიზში, ნიუ-იორკში, ტოკიოში და ა.შ.) ხელმძღვანელად. 1967 წელს ხელმძღვანელობდა გაეროს სემინარს, როგორც გაეროს ექსპერტი, რომელიც ეხებოდა წყალდიდობებისა და ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, სადაც მონაწილეობდა მსოფლიოს 35 ქვეყანა.
ბატონი ცოტნე გამორჩეული იყო არაჩვეულებრივი შრომისუნარიანობით და იგივეს ითხოვდა ჩვენგან - ყოფილი ასპირანტებისა და უმცროსი კოლეგებისაგან.
ბატონი ცოტნე მირცხულავა ბოლო წლებში რომ აქტიურ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა, ისიც ადასტურებს, რომ მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულია სამეცნიერო ეროვნული ფონდის 2 საგრანტო პროექტი, იუნესკოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი გადაწყვეტილებით იგი დასახელდა 2005 წლის ქვეყნის საუკეთესო მეცნიერად ტექნიკის დარგში და დაჯილდოვდა შესაბამისი მედლით. ასევე უნდა აღინიშნოს ბატონი ცოტნეს ხელმძღვანელობით შესრულებული საერთაშორისო საგრანტო პროექტის (TA-MOU-01-CA15-011 - ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების კვლევა ვეტივერისა და სხვა ნიადაგდამჭერი ბალახოვანი ბარიერების სახით“ 2002-2007 წწ.) დამუშავება, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ იყო რეკომენდებული, დამფინანსებელი აშშ-ის ეროვნული აკადემია, თანაშემსრულებელი - ისრაელის ვოლკანის ცენტრის წყლის, ნიადაგისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტი.
ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების მიერ აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას დამსახურების, პატივისცემისა და მისი სახელის უკვდავსაყოფად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2014 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებითა და სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 სექტემბრის №1263 დადგენილებით, რომელიც 2014 წლის 10 დეკემბერს შეთანხმებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ინსტიტუტს მიენიჭა აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელი.
ინსტიტუტის დირექციის ინიციატივითა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა ცოტნე მირცხულავას სახელი, მის საცხოვრებელ სახლზე გამოიკრა მემორიალური დაფა, მანამდე კი მის მშობლიურ ფოთში ქუჩას მიენიჭა ბატონი ცოტნეს სახელი.
აღსანიშნავია, რომ ბატონი ცოტნეს მიერ აღზრდილი მეცნიერები დღესაც აქტიურად მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და აგრძელებენ მეცნიერულ ტრადიციებს.
ბატონი ცოტნე იყო ბრწყინვალე ოჯახის უფროსი; მეუღლე - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი - ნანა მგალობლიშვილი, შვილები - დავით და ზაზა მირცხულავები - სპეციალობით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსები, მეცნიერებათა დოქტორები, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ ბატონი ცოტნეს მეცნიერულ გზას; 5 შვილიშვილის ბაბუა და 5 შვილთაშვილის საამაყო დიდი ბაბუა.
ბატონ ცოტნეს 2020 წლის 25 ივლისს 100 წელი შეუსრულდებოდა. მისი ხსოვნა დიდხანს დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლების, მისი მოსწავლეებისა და ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის მეხსიერებაში.
დავით გურგენიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
რექტორი, პროფესორი
გივი გავარდაშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის
ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი