საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რუსთაველის ფონდის CARYS საგრანტო პროგრამის ლიდერია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რუსთაველის ფონდის CARYS საგრანტო პროგრამის ლიდერია

06-07-2020



საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების CARYS საგრანტო პროგრამაში, გამარჯვებული პროექტების რაოდენობით, ლიდერის პოზიცია დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა CARYS წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის (GENIE - Georgia National Innovation Ecosystem) ნაწილს, რომელსაც, საქართველოს მეცნიერების ისტორიაში პირველად, ახორციელებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. საგრანტო პროგრამა სრულდება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული 2016 წლის 28 მარტის სასესხო ხელშეკრულების თანახმად.

CARYS საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი უპრეცენდენტოა და 3 000 000 აშშ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში, 36 პროექტი დაფინანსდა, აქედან 7 - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი უნივერსიტეტის, მისი გამოცდილი და ახალგაზრდა მკვლევრების დიდი წარმატებაა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რაოდენ დიდია ქართული ტექნიკური მეცნიერების პოტენციალი არა მხოლოდ ფუნდამენტური, არამედ ინოვაციური გამოყენებითი კვლევების მიმართულებით. მათ მიერ შემუშავებული თითოეული პროექტი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალის მატარებელია და უდავოდ, დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის აღმასვლასა და განვითარებაში“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტების სამეცნიერო პოტენციალი შეაფასეს ESF-ის (European Science foundation) ექსპერტებმა, რომელთა უმეტესობა Horizon 2020-ის ექსპერტია. დასკვნითი, მესამე ეტაპი კი მსოფლიო ბანკთან ერთად შერჩეულმა ხუთმა უცხოელმა ექსპერტმა შეაფასა. ისინი გამოყენებითი კვლევების ტექნოტრანსფერის სფეროში საუკეთესო ექსპერტებად არიან აღიარებულნი. საგრანტო პროგრამის დიზაინის ძირითადი ასპექტები აღებულია ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო-პროგრამა Horizon 2020-ის უახლესი და სამომავლო ტექნოლოგიების განვითარების (FET) კონკურსიდან.

როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ჩატარებული ექსპერტიზის ასეთი მაღალი დონე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა წარმატებას კიდევ უფრო ღირებულს ხდის.

„უღრმესი მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს უდიდესი მხარდაჭერისათვის, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების მიუხედავად. მათი ძალისხმევის შედეგად შეძლეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა ამ უპრეცენდენტო შესაძლებლობის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება და ასეთი მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ. 

 

სიახლეებში დაბრუნება