ჭკვიანი ფანჯარა და ამრეკლავი დისპლეები - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი ტიპის ენერგოეფექტური გამოგონებები შეიქმნა

ჭკვიანი ფანჯარა და ამრეკლავი დისპლეები - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი ტიპის ენერგოეფექტური გამოგონებები შეიქმნა

02-07-2020



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერმა გია პეტრიაშვილმა ახალი ტიპის, გარემოსადმი ადაპტირებული, ტემპერატურულად მართვადი და ენერგოეფექტური ჭკვიანი ფანჯარა და ამრეკლავი დისპლეები გამოიგონა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სტუ-ის  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ჭკვიანი ფანჯარა გამჭირვალეა, დაბალ  და მაღალ ტემპერატურაზე, ავტომატურად, სარკედ გარდაიქმნება, რა დროსაც გამოსხივების 30-35%-ს ირეკლავს, ამ გზით ჭკვიანი ფანჯარა ოთახში ტემპერტურას არეგულირებს - ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი, სიგრილეს ინარჩუნებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერის განცხადებით, მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 30%-40% შენობებში გათბობის, გაგრილების, განათებისა და ვენტილაციის სახით იხარჯება. შენობებში გამოყენებული ენერგიის რაოდენობა უფრო მაღალია ცხელ და ნესტიან რეგიონებში. ენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია ისეთი ფანჯრების გამოყენებით, რომელსაც მზის ენერგიისა და შემომავალი ხილული სინათლის ინტენსიობის მართვა შეუძლია.


„ჭკვიანი ფანჯრის სისტემას შეუძლია ცხელ და მზიან ამინდში, შენობაში შემომავალი ენერგიის გარკვეული ნაწილის ბლოკირება, ხოლო ცივ და ღრუბლიან ამინდში შენობაში შემომავალი ენერგიის თავისუფლად გატარება. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, დღეისათვის მსოფლიოში მრავალი კომპანიისა თუ  კონსორციუმის მიერ უკვე შექმნილია ან დამუშავების პროცესშია ე.წ. ჭკვიანი ფანჯრები. მათი აბსოლუტური უმრავლესობის მუშაობის პრინციპი ეფუძნება ფოტომგრძნობიარე ნივთიერებების სამ თვისებას: ფოტოქრომიზმს, თერმოქრომიზმსა და ელექტროქრომიზმს. თუმცა ამ ტიპის ჭკვიანი ფანჯრების ფართოდ დანერგვა მრავალი მიზეზის გამო ვერ ხერხდება, რადგან ფოტოქრომული ფანჯარა, შემადგენელი მასალების ფოტოქიმიური დეგრადაციის გამო, მალე კარგავს თავის თვისებებს; თერმოქრომული ფანჯარა გამოირჩევა დაბალი გამჭვირვალობით, ხოლო ელექტროქრომული ფანჯრის მონტაჟი და მართვა მეტად შრომატევადია. მაგრამ უმთავრესი, რაც ამ სამი ტიპის ფანჯრებს აერთიანებს, მათი მაღალი თვითღირებულებაა“ - განმარტავს გია პეტრიაშვილი.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერი აღნიშნავს, ჭკვიანი ფანჯრის ქართული ვერსია განსხვავებული გამოგონებაა და არსებულ ანალოგებთან შედარებით მრავალი უპირატესობით გამოირჩევა:   იაფი ჯდება, მზადდება მარტივი ტექნოლოგიით, არ შთანთქავს სინათლეს და შესაბამისად, არ ხურდება,  გარემოს ცვლილებებზე რეალურ დროში რეაგირებს, არ საჭიროებს ენერგიას და მეტიც - ელექტროენერგიას თვითონ გამოიმუშავებს.  გარდა ამისა, ექსპლუატაციის 15-წლიანი ვადა გააჩნია.

რაც შეეხება ამრეკლავ დისპლეებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ დავით თავხელიძის განმარტებით, მათი გამოყენება შესაძლებელია სმარტფონებში, პლანშეტურ კომპიუტერებში, ელექტრონულ წიგნებში, ელექტრონულ საკრედიტო ბარათებსა და 3D დისპლეებში. 

„ტექნიკურ უნივერსიტეტში შემუშავებული ახალი ტიპის თხევადკრისტალური ამრეკლავი დისპლეი, არსებული ანალოგებისგან მაღალი კონტრასტულობითა და გარჩევადობით განსხვავდება, მუშაობს დაბალ ძაბვაზე და არ მოითხოვს დამზადების რთულ ტექნოლოგიას. ამასთან ერთად, მისი თვითღირებულება საკმაოდ იაფია. ჩვენი ამრეკლავი დისპლეის საფუძველზე შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ზომისა და ფორმის ინფორმაციის ამსახველი მოწყობილობები. ამჟამად არსებული თხევადკრისტალური დისპლეების აბსოლუტურ უმრავლესობაში გამოიყენება გამავალი ან არეკლილი სინათლის მხოლოდ 4-6%, რაც ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, მეტად დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლაბორატორიებში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ისეთი დისპლეების დასამზადებლად, რომელიც ინფორმაციის ვიზუალიზაციისთვის გამოიყენებს გარე განათების წყაროებს - მზის სინათლეს, ნათურას და ა.შ.“, - აცხადებს დავით თავხელიძე.

 

სიახლეებში დაბრუნება