საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე აბიტურიენტებთან ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე აბიტურიენტებთან ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება დასრულდა

01-07-2020



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტს ეწვია, სადაც აბიტურიენტებთან მიმდინარე გასაუბრება ხატვასა და ხაზვაში დღეს დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე გასაუბრების თავდაპირველი შედეგები დღესვე გახდება ცნობილი. 3 ივლისს კი, გასაუბრების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება იმ აბიტურიენტებთან ჩატარდა, რომლებმაც არჩევანი სტუ-ის არქიტექტურისა და მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამებზე გააკეთეს. 17 ივნისიდან აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გასაუბრება ჩარიცხვის მსურველმა 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ხატვასა და ხაზვაში ჩატარებული გასაუბრების შედეგებს გაეცნო.

„ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი უძველესი და ერთ-ერთი უძლიერესი არქიტექტურული სკოლაა. ფაკულტეტი კოლაბორაციაშია ევროპის წამყვან არქიტექტურულ სკოლებთან. სტუდენტები წარმატებით მონაწილეობენ და იმარჯვებენ საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსებში, ჩართულნი არიან მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში. მათი ნიჭი და ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა არასოდეს რჩება შეუმჩნეველი. ამის გათვალისწინებით, დიდი სურვილი გვაქვს, 2020-2021 სასწავლო წელს ფაკულტეტის პირველი კურსი საუკეთესო ნაკადით შეივსოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გასაუბრება ხატვასა და ხაზვაში, რასაც არქიტექტურის და მოდის დიზანის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი ახალგაზრდები ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადიან. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალურად არის შექმნილი კომისია, რომელიც რვა წევრისგან შედგება. აბიტურიენტებმა სწორედ ამ კომისიას წარუდგინეს თავიანთი ნამუშევრები“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, გასაუბრების კომისიის წევრმა გია ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე მისაღები აბიტურიენტების რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე აბიტურიენტებთან ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება დღეს, 1 ივლისს 18:00 საათზე დასრულდა. თავდაპირველი შედეგები 1 ივლისს, 19:00 საათზე გამოქვეყნდება. 2 ივლისს, 10:00-დან 15:00 საათამდე აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება იწარმოებს. გასაუბრების საბოლოო შედეგები კი 3 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gtu.ge და უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდება.

 

სიახლეებში დაბრუნება