საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენცია - ICOPEC 2020-ში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენცია - ICOPEC 2020-ში მიიღო მონაწილეობა

01-07-2020



სტამბოლში, მარმარისის უნივერსიტეტში, პოლიტიკური ეკონომიკის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია - ICOPEC 2020 ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორი და ორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, კონფერენციის საერთაშორისო პარტნიორები და ორგანიზატორები, მარმარისისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებთან ერთად, იყვნენ ვესტმინისტერის, ესსექსის, ათენის ბიზნესისა და ეკონომიკის და ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტები. პოლიტიკური ეკონომიკის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ევროპის არაერთი უნივერსიტეტი მონაწილეობდა, მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.


კონფერენციას, საერთაშორისო პარტნიორისა და ერთ-ერთი ორგანიზატორის რანგში, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მიმართა.  რექტორმა პოლიტიკური ეკონომიკის ჭრილში იმ გლობალურ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რის წინაშეც თანამედროვე მსოფლიო მოულოდნელად აღმოჩნდა, შეეხო მსოფლიო კრიზისის, გლობალიზაციისა და ანტი-გლობალიზაციის საკითხებს, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, ამაყი ვარ იმით, რომ საქართველო, მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად, წარმატებით ებრძვის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და ძალისხმევას არ იშურებს კრიზისის დასაძლევად. როდესაც კითხვა ისმება მსოფლიო გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, იმთავითვე თავს იჩენს საკითხი გლობალიზაციისა და ანტი-გლობალიზაციის შესახებ. გლობალიზაციის ცნების ქვეშ, პირველ რიგში, მოიაზრება სამრეწველო ეკონომიკური პროცესების  ინტერანაციონალური გადაჯაჭვულობის მუდმივი ზრდადობა, რაც იწვევს საქონლის წარმოების მსოფლიო მასშტაბით გავრცელებასა და სტანდარტიზებას. ამავდროულად, გლობალიზაცია მსოფლიოს განვითარების საერთოობასაც აღნიშნავს. თითოეული ცალკეული საზოგადოება, რომელიც შეიძლება აღინიშნოს ნაციონალურ სახელმწიფოდ, სხვადასხვა კრიზისის დროს ხშირად დგება დაუცველობის პრობლემის წინაშე. მაგრამ დღევანდელი ექსისტენციალური კრიზისი გლობალურია და ყველასთვის ერთდროული. დღევანდელმა კრიზისმა აშარად დაგვანახა, რომ მსოფლიოს ყველა ადამიანს არსებობისათვის ერთიანი ეთიკური წესრიგი სჭირდება, რითაც ის ერთ დიდ ერთობას შექმნის, მისი განუმეორებელი ინდივიდუალობის გათვალისწინებით და სადაც ყველა აქტორი შესაბამის დამოუკიდებლობა-დამოკიდებულებას შეინარჩუნებს თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე. დღევანდელი კრიზისის უცნაურობა ისაა, რომ არც პერსპექტივების განსაზღვრაა ბოლომდე შესაძლებელი და არც რეალური გეგმა არსებობს კრიზისის დასაძლევად. კაცობრიობამ არ იცის, როდის, როგორ ან რა ეკონომიკური შედეგებით დასრულდება ეს კრიზისი. პანდემიის დროს, საზოგადოებები სახელმწიფოებისგან მოითხოვენ ტოტალურ ჩარევას ამ კრიზისის მართვისთვის და ეკონომიკის გადასარჩენად. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოები ამ გლობალურ უნივერსალურ პრობლემას წარმატებით და იმგვარად დაძლევენ, რომ ადამიანობის მთავარი არსი - ღირსება  მაქსიმალურად იქნება დაცული“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თავის ონლაინ მიმართვაში.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პოლიტიკური ეკონომიკის მე-11 საერთაშორისო კონფერენციის - ICOPEC 2020 საორგანიზაციო კომიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ჩართული იყო სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ემილია ალავერდოვი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ICOPEC 2020-ის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და საინტერესო, აქტუალური თემატიკით წარსდგა 9 მკვლევარი, მათ შორის - 3 დოქტორანტი. მათი მოხსენებები საკონფერეციო გამოცემაშია გამოქვეყნებული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მიმართვა საერთაშორისო კონფერენციისადმი - ICOPEC 2020  


 

სიახლეებში დაბრუნება