„გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” - ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

„გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” - ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

30-06-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონულ პორტალზე, „Zoom”-ის სისტემის გამოყენებით.


კონფერენციის ფარგლებში მუშაობა 5 სექციად წარიმართა. კერძოდ, „მენეჯმენტისა და მარკეტინგის  განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები“, „ფინანსების, საბანკო საქმის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები“, „ეკონომიკა, ეკონომეტრიკა, აგრობიზნესი და სტატისტიკა განვითარების თანამედროვე ეტაპზე“, „საჯარო და ელექტრონული მმართველობის თანამედროვე გამოწვევები“, „ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე და უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები - პარიზის ბიზნესსკოლის პროფესორი ნინო თანდილაშვილი-სალანი, უნგრეთის პანონის უნივერსიტეტის პროფესორები: ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი ბიეტა ფეჰერვოლგვი  და ვიქტორია ცუპონი. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა საინტერესო ანალიტიკური თემები პანდემიური და პოსტპანდემიური თვალთახედვით, რამაც პრაქტიკულად,  გახსნა ახალი დისკუსია, რაც გასცდება საკონფერენციო ფორმატს და სამომავლოდ, სასწავლო პროცესში ჩართული იქნება ქეისების სახით.

გარდა ამისა, მსჯელობა გაიმართა კონკრეტულ საკითხებზე: კერძოდ, სასტუმრო ბიზნესის და ტურიზმის დღევანდელ გამოწვევებზე, მასთან დაკავშირებულ სამთავრობო ღონისძიებების დროულობასა და  აქტუალურობაზე, ადამიანური რესურსების მართვის პრობლემებზე ადგილობრივ თვითმმართველობაში, პროფესიული განათლების სისტემაზე, გენდერულ საკითხებზე და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული თემების წამოწევა დებატებისა და მსჯელობის საფუძველზე მოხდა, რამაც გაცილებით მრავალფეროვანი გხადა კონფერენციის მიზნიდან გამომდინარე შედეგები.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“  ყოველწლიურად იმართება.


 

სიახლეებში დაბრუნება