„საზოგადოების განვითარება პოსტკრიზისულ პერიოდში“ - ონლაინ საუბარი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძესა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ მარკუს გაბრიელს შორის

„საზოგადოების განვითარება პოსტკრიზისულ პერიოდში“ - ონლაინ საუბარი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძესა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ მარკუს გაბრიელს შორის

25-05-2020

„კოვიდ 19 და ამ რესპირატორული ვირუსით გამოწვეული ავადმყოფობა მუდმივად დარჩება ჩვენთან, ჩვენ მას ვერასოდეს გავაქრობთ”, -  ამის შესახებ ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის კათედრის გამგემ, ფილოსოფიის ინტერნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარკუს გაბრიელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან  ონლაინ საუბრისას განაცხადა.


ონლაინ საუბარში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, მონაწილეობდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და საქართველოს დანიშნული დესპანი ავსტრიის რესპუბლიკაში, დიპლომატი ილია მარჯანიძე.

ონლაინ საუბარი - თბილისი-ბონი პოსტკრიზისულ პერიოდში საზოგადოების განვითარებას შეეხო. კერძოდ, პროფესორები განიხილავდნენ, თუ რა გამოწვევების წინაშეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა, როგორი იქნება პანდემიასთან თანაცხოვრება, რა რისკების წინაშეა თანამედროვე მსოფლიო და, შესაბამისად, რა ელის მსოფლიოს მოსახლეობას.

ონლაინ საუბარს თემაზე - „საზოგადოების განვითარება პოსტკრიზისულ პერიოდში“ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უძღვებოდა. როგორც რექტორმა აღნიშნა, საუბრის მიზანი კორონა-პანდემიის შემდგომი პერიოდის განხილვაა.

„ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ და მოვისმინოთ ჩვენი რენომირებული რესპონდენტის, პროფესორ მარკუს გაბრიელის მოსაზრება იმ მსოფლიოზე, რომელიც ჩვენ თვალწინ იცვლება და რომელშიც ცხოვრება მოგვიწევს. მიმაჩნია, რომ, როგორც ყველა კრიზისი, ეს დიდი გამოწვევაც ბევრ შესაძლებლობას შეიცავს, რა თქმა უნდა, უზარმაზარი რისკების გვერდით, და ჩვენ სწორედ ამ შესაძლებლობების აღმოჩენა და მათი ჩვენზე და ჩვენს ქვეყანაზე მორგება გვჭირდება, ისევე, როგორც რისკების გათვალისწინება და მათი ნეგატიური გავლენის მინიმიზირება ჩვენს საზოგადოებაზე. ჩვენი მიზანია, დროულად ვიფიქროთ ახალ, თითქმის ჩვენგან დამოუკიდებლად მომავალ, მოსალოდნელ რეალობაზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, ის ჩვენთვის ყველასთვის საინტერესო გავხადოთ; ეს ახალი რეალობა ჩვენივე აქტიური მონაწილეობით ვაქციოთ ისეთად, სადაც ადამიანებისთვის შესაძლებლობების თანაბრობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა, რაც თავის მხრივ, ნამდვილად არის უკეთესი, მაქსიმალურად ყველასთვის სასურველი, სოლიდარული საზოგადოების შექმნის წინაპირობა“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

აღსანიშნავია, რომ ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის კათედრის გამგე, პროფესორი მარკუს გაბრიელი, რომელიც ფილოსოფიის ინტერნაციონალურ ცენტრს ხელმძღვანელობს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როგორც ახალი რეალიზმის დამფუძნებელი. მისი წიგნები „რატომ არ არის სამყარო“, „მე არ არის ტვინი“ და „აზროვნების საწყისი“ მის მიერ შექმნილ ახალ ფილოსოფიურ მიმართულებას წარმოადგენს.

ონლაინ საუბრის სრული ტექსტი იხილეთ აქ


 

სიახლეებში დაბრუნება