დავით გურგენიძე - ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე ონლაინ სალექციო კურსების კომპონენტი აამოქმედა

დავით გურგენიძე - ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე ონლაინ სალექციო კურსების კომპონენტი აამოქმედა

19-03-2020
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამივე საფეხურის სტუდენტებსთვის ელექტრონული კომპონენტებით სწავლების პლატფორმაზე ონლაინ სალექციო ჩართვების კომპონენტი აამოქმედა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.  
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის განმარტებით, საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე უკვე „ჩაშენებულია“ ონლაინ სალექციო ჩართვების კომპონენტი. 
 
„დღეის მდგომარეობით, უნივერსიტეტებში სააუდიტორიო მეცადინეობები 1 აპრილამდეა შეჩერებული. 16 მარტიდან ჩვენს ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს საშუალება აქვთ პლატფორმაზე მოიძიონ სასურველი სასწავლო მასალა, გაეცნონ 2 300 სალექციო კურსს, მიიღონ დავალებები და შესრულებული დავალება პლატფორმაზე შესაბამის გრაფაში ატვირთონ. პორტალის ბაზაზე შეტანილია ტექნიკური უნივერსიტეტის უკლებლივ ყველა სტუდენტის მონაცემები. დღეს სტუდენტებს ელექტრონულ პლატფორმაზე ონლაინ სალექციო კურსების კომპონენტის ჩართვას ვთავაზობთ. ეს კომპონენტი უკვე ჩაშენებულია ჩვენს საუნივერსიტეტო პლატფორმაზე და მისი შესაძლებლობების აპრობირება ამჟამად სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლებლობები საკმარისად დიდია და შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე სტუდენტებს ერთნაირი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტომა დავით გურგენიძემ. 
 
ცნობისათვის, ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე ყოველ ერთეულ ონლაინ სალექციო სესიაზე მონაწილეობის მიღება, ანუ ერთდროულად ჩართვა 100-ზე მეტ სტუდენტს შეეძლება, ხოლო ერთდროულად შესაძლებელია 50 პარალელური ონლაინ სესიის ჩატარება ასეთივე დასწრებით.  
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილ ვითარებას მობილიზებული შეხვდა. სტუ-ში, მიმდინარე წლის 16 მარტიდან, მოქმედებს ელექტრონული კომპონენტებით სწავლების საუნივერსიტეტო პლარტფორმა elearning.gtu.ge, რომლის ბაზაზეც, სწავლების ყველა საფეხურის 23 000 სტუდენტისთვის მომზადებულია 2 300 სასწავლო კურსი, სალექციო თუ საპრეზენტაციო მასალები და დავალებები. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს შესაძლებლობა აქვთ შეუფერხებლად ისარგებლონ აღნიშნული პლატფორმით. 
 
ბოლო მონაცემებით, სტუ-ის საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე უკუკავშირი სტუდენტებსა და ლექტორებს შორის 55%-ს აღემატება.

 

სიახლეებში დაბრუნება