ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

06-03-2020



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის ფაკულტეტების აკადემიურ და სამეცნიერო წრეებთან გაფართოებულ შეხვედრებს აგრძელებს. რექტორი ამჯერად სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, ფაკულტეტის სხდომას სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საფაკულტეტო შეხვედრა არსებული პრობლემების წინ წამოწევასა და მათი გადაჭრის გზების მოძიებას ემსახურება. მსგავსი ტიპის შეხვედრები მიზნად ისახავს უნივერსიტეტში სწავლების საუკეთესო, საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული მოდელის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგების განვითარებას, ახალგაზრდა თაობის ამ დარგებით დაინტერესებასა და სასწავლო პროცესში სტუდენტთა მაქსიმალურ ჩართულობას. რექტორის თქმით, მსგავსი მიდგომები უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს, დარგები მაღალკვალიფიციური კადრებით გაამდიდროს. 

„ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, თავისი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით, ერთ-ერთი ძველი, ძლიერი და მნიშვნელოვანი ფაკულტეტია.  მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, გავითვალისწინოთ თანამედროვე მოთხოვნები და დარგების სპეციფიკა იმ მიზნით, რომ  სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცეთ, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში, ჰქონდეთ ინტენსიური ურთიერთობა დამსაქმებელ კომპანიებთან, მაქსიმალურად შეითვისონ სამომავლო პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, აუმაღლდეთ მოტივაცია, რომ იყვნენ წარმატებულები, მიიღონ მონაწილეობა „ერაზმუს პლუსის“ გაცვლით პროგრამებში, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ასევე წარმატებით გააგრძელონ პროფესიული კარიერა. ამიტომ, აუცილებელად მიმაჩნია გამოვავლინოთ და განვიხილოთ ყველა პრობლემა, რაც შეიძლება ფაკულტეტს სადღეისოდ ჰქონდეს. სწორედ თქვენგან ველით მოსაზრებებს, რათა სასწავლო პროცესი მეტად ეფექტიანი გახდეს სტუდენტებისთვის, რაც თავისთავად გამოიწვევს ჩვენი უნივერსიტეტის იმიჯისა და ცნობადობის გაზრდას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ უნივერსიტეტმა მაქსიმალურად შეძლოს გამართული და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ. 

მეორე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ფაკულტეტის საბჭომ განიხილა, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევა იყო. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროფესორმა გია არაბიძემ გადადგომის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ფაკულტეტის საბჭოს წევრებს განცხადებით მიმართა. 

მსჯელობის შედეგად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ელენე შატაკიშვილი შეასრულებს. 

პროფესორი ელენე შატაკიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის „ჰიდროენერგეტიკული დანადგარებისა და მაგისტრალური სამილსადენო სისტემებისა და „თბო და ჰიდროენერგეტიკის“ დეპარტამენტებში; თანამშრომლობდა სტუ-ისა და USAID-ის „ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების“ ერთობლივ პროექტთან; გარდა ამისა, ელენე შატაკიშვილი მუშაობდა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „ნავთობ-გაზსადენებისა და ნავთობ-გაზსაცავების ექსპლუატაციის“ დეპარტამენტში. მას გამოქვეყნებული აქვს 45 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 8 სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია (ინგლისურ ენაზე) უცხოეთში. 

როგორც შეხვედრაზე ელენე შატაკიშვილმა განაცხადა, მისი მთავარი მიზანი იქნება დოქტორანტურაში ფაკულტეტის ახალგაზრდა, შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის კადრების მოზიდვა და ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო ქვედანაყოფების საექსპერტო საქმიანობის ხელშეწყობა. მან ფაკულტეტზე ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამუზეუმო სივრცის მოწყობაზეც ისაუბრა, სადაც ფაკულტეტის ისტორიისა და პერსპექტივების, ცნობილი მეცნიერების, წარმატებული კურსდამთავრებულების შესახებ მასალები განთავსდება. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრები ფაკულტეტების სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

 

სიახლეებში დაბრუნება