ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ არქიტექტურის ფაკულტეტზე შეხვედრა გამართა

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ არქიტექტურის ფაკულტეტზე შეხვედრა გამართა

04-03-2020


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტის ფაკულტეტების აკადემიურ და სამეცნიერო წრეებთან გაფართოებული შეხვედრები დაიწყო. 

რექტორთან პირველ შეხვედრას, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე შედგა, ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე, პროფესორ-მასწავლებლები - ცნობილი არქიტექტორები, კონსტრუქტორები, ფაკულტეტის თანამშრომლები და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, შეხვედრა მკვეთრად გამიზნულ ხასიათს ატარებს და ემსახურება იმ პრობლემების დეტალურად წარმოჩენასა და მათი გადაჭრის გზების დასახვას, რაც დღეის მდგომარეობით, შესაძლებელია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის წინაშე იდგეს. 

„მიუხედავად იმისა, რომ მაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რამდენი რამ კეთდება ფაკულტეტზე სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, მაინც აუცილებელად მიმაჩნია გამოვავლინოთ და განვიხილოთ ყველა პრობლემა, რაც შესაძლებელია ფაკულტეტს სადღეისოდ ჰქონდეს ან უახლოეს მომავალში გაუჩნდეს. არ მინდა ჩვენმა შეხვედრამ შედეგების გარეშე ჩაიაროს. აუცილებელია ვისაუბროთ იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რამაც სწავლებისა და სამეცნიერო მიმართულებით შეიძლება იჩინოს თავი. ამიტომ, თქვენთან პირისპირ შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მისცემს იმის საშუალებას, რომ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების მოსაზრებები მოისმინოს. ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი განთქმულია სახელოვნებო-ტექნიკური დარგის მაღალპროფესიონალი კადრებითა და სამეცნიერო პოტენციალით. ისინი ჩვენს მშენებლებთან, გეოლოგებთან და სხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად ქმნიან არქიტექტურისა და ურბანისტიკის ერთ-ერთ უძლიერეს სკოლას კავკასიაში. მიუხედავად ამისა, ფაკულტეტზე პრობლემები არსებობს და  ჩემი, როგორც რექტორის სურვილია, ის იმიჯი, რაც ფაკულტეტს აქვს, მეტად გამყარდეს, მეტად პოპულარული და საინტერესო გახდეს ჩვენი დღევანდელი და მომავალი სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტისთვის მთავარი ალგორითმი პროფესორისა და სტუდენტის ურთიერთობაა. ყველაფერი ოსტატითა და შეგირდით იწყება. უნივერსიტეტის მთავარი მოვალეობა პროფესიონალი კადრების აღზრდაა. პროფესორ-მასწავლებლებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. სახელმწიფო გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ახალგაზრდა თაობას ჰქონდეს უკეთესი მომავალი. ამიტომ, უნივერსიტეტმა მაქსიმალურად უნდა შეძლოს გამართული და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა“, - განაცხადა დავით გურგენიძემ. 

შეხვედრაზე ფაკულტეტის სამომავლო მოწყობის, სწავლების მეთოდების მოდერნიზაციის, ინტერნაციონალიზაციის გაღრმავების, პრაქტიკული სწავლების მეთოდების დახვეწის შესახებ არაერთი მოსაზრება გამოითქვა და აღინიშნა, რომ უნიკალური პოტენციალი, რაც ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტს გააჩნია, მაქსიმალურად უნდა მოხმარდეს პროფესიონალური კადრების მომზადებას და სტუდენტისთვის საუკეთესო სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურის შექმნას. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრები ფაკულტეტების სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

 

სიახლეებში დაბრუნება