TBILISI ARCH WEEK-ი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდება

TBILISI ARCH WEEK-ი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდება

24-02-2020


TBILISI ARCH WEEK-ი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდება26 - 29 თებერვალს, საქართველოში პირველად, არქიტექტურული კვირეული TBILISI ARCH WEEK-ი გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

TBILISI ARCH WEEK-ი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდებავირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლა და სხვადასხვა უნივერსიტეტის არქიტექტურული სკოლები.

არქიტექტურული კვირეული ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და ამ პროექტის ფარგლებში, 2020 წელს ღონისძიებათა ციკლის ჩატარებას უკვე იტალიაში ითვალისწინებს, რაც მეტად შეუწყობს ხელს საქართველო-იტალიის კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას. 

კვირეულის მთავარი მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელიც კვირეულის ფარგლებში ორი ღონისძიების სპონსორია.  პროექტს უერთდება საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის განვითარების ფონდი, საქართველოში იტალიის საელჩო,  დანტე ალიგიერის თბილისის კომიტეტი და "ERASMUS +" -ის მილანის ოფისი. 

გარდა ამისა, არქიტექტურის კვირეულის - TBILISI ARCH WEEK-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებული, იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ევროპელი ელჩი მარიამ ბოჭორიშვილია, რომელიც სამაგისტრო პროგრამას მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე გადის.

„თბილისში, პირველად, არქიტექტურიული კვირეული იმართება, რომელიც საქართველოში  უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას და თბილისში არსებული უნივერსიტეტების არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტებისთვის სხვადასხვა აქტივობების ჩატარებას ითვალისწინებს. გაიმართება  სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები, სემინარები და ა.შ. ღონისძიებას  დაესწრებიან, როგორც იტალიელი, ასევე, ესპანელი არქიტექტორები. 

Politecnico di Milano მსოფლიოს ათეულში შემავალი უნივერსიტეტია. შესაბამისად, ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი პრესტიჟული უნივერსიტეტის შვიდი პროფესორი საქართველოში ჩამოვა და მასტერკლასებს  ჩაატარებს. მე თვითონ ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი და გადავწყვიტე, რომ ჩემი მანდატის ფარგლებში, პირველი ღონისძიება მშობლიურ უნივერსიტეტში ჩამეტარებინა. კვირეულის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს მხრიდან თბილისის მერიაა, კერძოდ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, რომელიც აქტიურად არის ჩართული ყველა ღონისძიებაში. გარდა ამისა, კვირეულში მონაწილეობას მიიღებს დანტე ალეგიერის თბილისის კომიტეტის წარმომადგენლობა -  ეს საქართველოში იტალიური კულტურის ცენტრია. სტუდენტები ყოველდღე დაესწრებიან სხვადასხვა სახის შეხვედრებს, ჩატარდება  ვორქშოფი,  როგორც არქიტექტურის ფაკულტეტზე, ასევე დიზაინის საერთაშორისო სკოლაში. 28 თებერვალს, მათ  სერთიფიკატები გადაეცემათ“, - აცხადებს იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი მარიამ ბოჭორიშვილი. 

უნდა აღინიშნოს, რომ უკვე სამი კვირაა, არქიტექტურული კვირეულისთვის  ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტსა და დიზაინის საერთაშორისო სკოლაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სტუდენტები კონკრეტულ თემებზე ამუშავებენ. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები სალომე გუგუნავა და ნოდარ კვანჭიანი ვორქშოფის ორგანიზებას ხელმძღვანელობას უწევენ. 27 თებერვალს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ვორქშოფი ჩატარდება, რომლის შედეგებიც 28 თებერვალს გამოქვეყნდება.

როგორც იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი მარიამ ბოჭორიშვილი აღნიშნავს, იტალიაში პირველად „ერაზმუს პლუსის“ ხელშეწყობით, 2016 წელს ჩავიდა, ახლა კი ამ ქვეყანასთან ბევრი რამ აკავშირებს.  

„Politecnico di Milano-ში ერთი სემესტრი ვისწავლე, რის შემდეგადაც თბილისში დავბრუნდი და  დიპლომი დიზაინის საერთაშორისო სკოლაში დავიცავი. ამის შემდეგ პროფილი შევიცვალე და სწავლა არქიტექტურის მიმართულებით გავაგრძელე. ჩავაბარე იტალიურენოვან სამაგისტრო  პროგრამაზე. დაწყებული მაქვს სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა, რომელსაც მილანში დავიცავ. მინდა ავღნიშნო, ერთი საინტერესო ფაქტი - მას შემდეგ, რაც დავამთავრე დიზაინის საერთაშორისო სკოლა, მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ჩვენს ფაკულტეტზე და ვყოფილიყავი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მუშაობის პერიოდში მე ვიყავი ორგანიზატორი პირველი სასწავლო ვიზიტისა, რომელიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დააფინანსა - დიზაინის საერთაშორისო სკოლის 15-კაციანი ჯგუფი მილანში გავემგზავრეთ და Politecnico di Milano-ში ვორქშოფი ჩავატარეთ. ვეწვიეთ ლუავსაც, რომელიც თავისი უნივერსიტეტითაა განთქმული, მოვინახულეთ მილანი, ფლორენცია და ვენეცია“, - ამბობს მარიამ ბოჭორიშვილი. 

ცნობისთვის: მარიამ ბოჭორიშვილმა 2019 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა.  

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს. პროგრამის საშუალებით 15 ახალგაზრდას შესაძლებლობა ეძლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „საქართველოს ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ და თანატოლებს საქართველოს ეკონომიკა, განათლება, კულტურა, სპორტი და ისტორია გააცნონ. 2018 წელს, ახალგაზრდა ელჩი იტალიაში პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტი ნინო გაბელია იყო, რომელიც  მარიამ ბოჭორიშვილმა შეცვალა.

 

სიახლეებში დაბრუნება