ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გაეროს გენერალური დირექტორის აპარატში სტაჟირებას გაივლის

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გაეროს გენერალური დირექტორის აპარატში სტაჟირებას გაივლის

20-02-2020


ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გაეროს გენერალური დირექტორის აპარატში  სტაჟირებას გაივლისსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა გიორგი გელიტაშვილმა შერჩევის პროცედურა წარმატებით გაიარა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისში, გენერალური დირექტორის აპარატში სტაჟირებას გაივლის. 

გიორგი გელიტაშვილისთვის სტაჟირების პროცესი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინტერნაციონალურ გარემოში საქმიანობის საუკეთესო შესაძლებლობაა. გარდა ამისა, მისთვის ეს არის, საერთაშორისო ექსპერტებთან, მაღალი რანგის პროფესიონალებსა და ლიდერებთან მუშაობისა თუ გამოცდილების გაზიარების რეალური საშუალება. 

„აღფრთოვანებული ვარ კონკურსის შედეგით. მომეცა საშუალება, პირადად გავეცნო გაეროს მისიას, ღირებულებებს და მუშაობის პრინციპებს. მსურს საკუთარი წვლილი შევიტანო გაეროს ორგანიზაციულ საქმიანობაში და ამასთან ერთად, გავიღრმავო გამოცდილება, შევიძინო მრავალმხრივი ცოდნა და დავამყარო გრძელვადიანი კონტაქტები სამომავლო თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს გიორგი გელიტაშვილი. 

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი მაგისტრის ხარისხს საჯარო მმართველობის სფეროში დაიცავს. 

„სტუდენტობის პერიოდში შევიძინე ცოდნა საბანკო ინვესტიციებისა და მონეტარული პოლიტიკის დარგში და ყოველთვის მქონდა სურვილი, პრაქტიკა ამ სფეროებში გამევლო. 2018 წლიდან დავიწყე ფრანგულის შესწავლა. დაინტერესებული ვარ საელჩოებში ან ევროპულ ინსტიტუციებში მუშაობით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, კლიენტების პრობლემატიკისა და სტრესული სიტუაციების მართვის კუთხით მუშაობისას, მჭირდებოდა სწრაფი რეაგირება და კლიენტისთვის საუკეთესო გამოსავლის შეთავაზება. ამდენად, შემიძლია ვიმუშაო სხვადასხვა კომპანიის რისკების მართვის დეპარტამენტში“, - აღნიშნავს გიორგი გელიტაშვილი. 

ცნობისათვის, ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტი გიორგი გელიტაშვილი, მშობლიური ენის გარდა, ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ და ფრანგულ ენებს ფლობს.

 

სიახლეებში დაბრუნება