ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) არჩევნების შედეგები ცნობილია

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) არჩევნების შედეგები ცნობილია

08-01-2020


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოში ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (კანცლერი) საქართველოს პარლამენტის წევრი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორი კარლო კოპალიანი აირჩიეს. 

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 39 წევრიდან, ფარული კენჭისყრის შედეგად, კარლო კოპალიანს მხარი 34-მა წევრმა დაუჭირა. შედეგების მიხედვით, დღევანდელ არჩევნებზე აკადემიური საბჭოს 4 წევრი არ გამოცხადდა. შესაბამისად, გამოუყენებელი  დარჩა 4 ბიულეტენი, ხოლო 1 ბიულეტენი გაბათილდა. 

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და საარჩევნო კომისიის წევრმა ნინო ხოლუაშვილმა განმარტა, მომდევნო ეტაპი ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში (სენატი) აკადემიური საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცებაა.  

„აკადემიური საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურა წარმომადგენლობითმა საბჭომ ფარული კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს. საბოლოო გადაწყვეტილება კანცლერის არჩევნების შესახებ მხოლოდ აღნიშნული პროცედურის შემდეგ მიიღება. ახლადარჩეული კანცლერი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის 20 იანვრიდან უნდა შეუდგეს. იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენლობითი საბჭო არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატურას, ხელახალი არჩევნები დაინიშნება და საჭირო გახდება საარჩევნო პროცედურების ხელახლა გავლა. ასეთ შემთხვევაში, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დანიშნოს უნივერსიტეტის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატი კარლო კოპალიანი დაიკავებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობას, არსებული კანონმდებლობის თანახმად, მას მოუწევს შეიწყვიტოს საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი“, - განაცხადა ნინო ხოლუაშვილმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები სტუ-ის საარჩევნო კომისიამ შეაჯამა. სხდომას საარჩევნო კომისიის 14 წევრი ესწრებოდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 10 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები, ფარული კენჭისყრით, აკადემიურ საბჭოში 2020 წლის 8 იანვრის 10:00-დან 17:00 საათამდე გაგრძელდა. მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია კი 2019 წლის 23-დან 30 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

თავდაპირველად 3 კანდიდატი დარეგისტრირდა:

ბექა მაისურაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი;

მალხაზ ლომთაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 

კარლო კოპალიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორი. 

პრეტენდენტთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში 2020 წლის 6 იანვარს გაიმართა. თუმცა, მოსმენის პროცედურამდე ერთ-ერთმა კანდიდატმა ბექა მაისურაძემ კანდიდატურა მოხსნა.

6 იანვარს, სამოქმედო პროგრამების მოსმენის დღეს, კადიდატურა კიდევ ერთმა კანდიდატმა მალხაზ ლომთაძემ მოხსნა.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობას პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი იკავებს. მას 4-წლიანი უფლებამოსილება 2020 წლის 19 იანვარს ეწურება. 

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

ბ) აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება

გ) არის 65 წელზე ნაკლები ასაკის.


 

სიახლეებში დაბრუნება