ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მიმდინარეობს

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მიმდინარეობს

08-01-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 10 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები, ფარული კენჭისყრით, აკადემიურ საბჭოში 2020 წლის 8 იანვარს დილის 10:00 საათიდან დაიწყო და 17:00 საათამდე გასტანს.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები კანცლერის თანამდებობაზე კენჭს უყრიან კანდიდატს - საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორს კარლო კოპალიანს.


სტუ-ის ადმოინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია 2019 წლის 23 დეკემბერს დაიწყო და 2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.


თავდაპირველად 3 კანდიდატი დარეგისტრირდა:
ბექა მაისურაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი;
მალხაზ ლომთაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოწვეული ასოცირებული პროფესორი;  
კარლო კოპალიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორი.


პრეტენდენტთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში 2020 წლის 6 იანვარს გაიმართა. თუმცა, მოსმენის პროცედურამდე ერთ-ერთმა კანდიდატმა ბექა მაისურაძემ კანდიდატურა მოხსნა.
6 იანვარს, სამოქმედო პროგრამების მოსმენის დღეს, კადიდატურა კიდევ ერთმა კანდიდატმა მალხაზ ლომთაძემ მოხსნა.  


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობას პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი იკავებს. მას 4-წლიანი უფლებამოსილება 2020 წლის 19 იანვარს ეწურება.


ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
ბ) აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება
გ) არის 65 წელზე ნაკლები ასაკის.

კანდიდატის - კარლო კოპალიანის ბიოგრაფია:
კარლო კოპალიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭალისთავში  1959 წელს  14 აგვისტოს დაიბადა.
დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამდინარო და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით.
2015 წლიდან არის პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წევრი,  საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. ასევე იყო მე-7 (2008-2012) და მე-8 (2012-2016) მოწვევის პარლამენტის წევრი.

2016 წელს სტუ-ის დოქტორანტურის დასრულების შემდეგ მას მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

2017 წლიდან დღემდე სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მოწვეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობას იკავებს.

კარლო კოპალიანი სხვადასხვა დროს იყო: ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (2006 - 2008), ქვედა ცაგერის თემის საკრებულოს თავმჯდომარე (2002 - 2006), ცაგერის საგზაო სამმართველოს უფროსის მოადგილე (1997 - 2002), ლეჩხუმის აღორძინების ფონდის თავმჯდომარის მოადგილე (1996 - 1997), ქვედა ცაგერის სოფლის საკრებულოს მდივანი (1991 - 1995).

 

სიახლეებში დაბრუნება