პროფესორ გიორგი (გოგი) ჭირაქაძის გახსენება - მეცნიერს 85 წელი შეუსრულდებოდა

პროფესორ გიორგი (გოგი) ჭირაქაძის გახსენება - მეცნიერს 85 წელი შეუსრულდებოდა

24-12-2019
პროფესორ გიორგი (გოგი) ჭირაქაძის გახსენება - მეცნიერს 85 წელი შეუსრულდებოდა2019 წლის 24 დეკემბერს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის  გარდაცვლილ პროფესორს, საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერს, პედაგოგს და საზოგადო მოღვაწეს  გიორგი (გოგი) ჭირაქაძეს. 

1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე იყო.
გოგი ჭირაქაძე, წარმატებული ხელმძღვანელის და ახალგაზრდა თაობის გზამკვლევის შესანიშნავი მაგალითია. ფასდაუდებელია  მისი ღვაწლი სამეცნიერო სფეროშიც, მან აღზარდა მკვლევართა და პედაგოგთა არაერთი თაობა.  იგი დიდი გატაცებითა და ენთუზიაზმით ემსახურებოდა მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. უდიდესი წვლილი მიუძღვის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის ქიმიის პოპულარიზაციაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, კიდევ ერთხელ  აღნიშნავს, რომ   მე-20 საუკუნეში მოღვაწე ღვაწლმოსილი პლიადის ამ გამორჩეული პიროვნების მოღვაწეობა, მართლაც რომ  შეუფასებელია უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე. 
გოგი ჭირაქაძე იმ რჩეულ ადამიანთა  შორისაა, რომელთა ხსოვნას დრო ვერაფერი დააკლებს, ის განაგრძნობს სიცოცხლეს მის აღზრდილებსა და თანამოაზრეებში.
ბატონი გოგის მიერ დატოვებულ მეცნიერულ მონაგარზე და წლების მანძილზე დაგროვილ პროფესიულ გამოცდილებაზე დღესაც  იზრდება მომავალი პროფესიული კადრები.

გიორგი (გოგი) გიორგის ძე ჭირაქაძე დაიბადა 1934 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თბილსის 21–ე ვაჟთა სკოლა ოქროს მედლით. 1953-58 წლებში სწავლობდა დ. მენდელეევის სახელობის მოსკოვის ქიმიურ–ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა დარჩენილიყო მოსკოვში და სწალა გაეგრძელებინა ასპირანტურაში, იგი ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის (იმჟამად გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის რადიაციული ქიმიის ლაბორატორიაში ჯერ უმცროს, შემგედ კი უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1958-1981 წწ).

იგი  პირველი ასპირანტი (1960–1963 წწ) და შესაბამისად, საქართველოში  პირველი ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი იყო რადიაციული ქიმიის დარგში.
1965 წელს დაიცვა დისერტაცია ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.
1965-81 წლებში ასევე მუშაობდა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ქიმიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე.
1981 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სულფიდრილური ნაერთების თხევადფაზიანი რადიაციულ–ქიმიური ჟანგვა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
1966 - 2003 წლებში პარალელურად მუშაობდა თბილისის პირველი საშუალო სკოლის, ამჟამიდელი I კლასიკური გიმნაზიის ქიმიის მასწავლებლად, ხოლო 80–იან წლებში აბიტურიენტებისათვის ლექციებს კითხულობდა ქიმიაში საქართველოს ტელევიზიით.

1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე.  1984 წელს პროფ. გ. ჭირაქაძეს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1965-1990 წლებში კითხულობდა ლექციებს მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში, 1975 წლიდან კი – მასწავლებელთა დახელოვნების საქალაქო ინსტიტუტში.
პროფესორ გოგი ჭირაქაძეს 1988 წელს იწვევენ ინდოეთში და სალექციო კურსები მიჰყავს ბომბეის, ბანგალოსისა და დელის ტექნიკურ უნივერსიტეტებში.

 1978-90 წლებში იყო სკოლის მასწავლებელთა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ჟიურის წევრი (თბილისი, მოსკოვი, მინსკი, რიგა). 1996 წელს გ. ჭირაქაძეს სოროსის პროფესორის წოდება მიენიჭა. ამავე წელს აირჩიეს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
1999 წ. მიენიჭა „საპატიო მასწავლებლის“ წოდება და საქალაქო კონკურსში გამარჯვეულის ლაურეატობა .

დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით. იგი რეგულარულად მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო (ჩეხეთი, გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი და სხვა) კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. იყო 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის მათ შორის 12 სახელმძღვანელოს, 15 მეთოდური და დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 6 საავტორო მოწმობისა და 2 პატენტის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 14 მაგისტრი, დაცულია 12 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია.
გოგი ჭირაქაძეს სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად უყვარდა თავისი საქმე, კათედრა, კოლეგები, მეგობრები, ოჯახი.

იგი თავის გარშემო სიცოცხლეს დიდ ზეიმად აქცევდა დახვეწილი გემოვნების, ფართო გაქანების სამყაროს განსაკუთრებული შეგრძნების, მაღალი ერუდიციისა და კაცთმოყვარეობის წყალობით.


გოგი ჭირაქაძის ხსოვნა სამუდამოდ გაყვება ყველას, ვისაც მასთან რაიმე შეხება ჰქონია, განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა.

 

სიახლეებში დაბრუნება