ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა - მსოფლიო სტანდარტები, ახალი მიდგომები

ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა - მსოფლიო სტანდარტები, ახალი მიდგომები

17-12-2019
ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლამ სტუდენტთა პირველი ნაკადი 2013 წელს მიიღო. სკოლის დაარსება დაკავშირებულია ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან, რომ უძველესი და უმსხვილესი ქართული საინჟინრო სკოლის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, პირველ რიგში, დაარსებულიყო სამრეწველო დიზაინის და პარალელურად, ვიზუალური კომუნიკაციებისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებები და ჩამოყალიბებულიყო ინგლისურენოვანი სკოლის სახით. დიზაინის საერთაშორისო სკოლა ყველაზე ახალგაზრდა და ერთადერთი ინგლისურენოვანი ფაკულტეტია ტექნიკურ უნივერსიტეტში.

დიზაინის საერთაშორისო სკოლის ისტორიის, მისი სპეციფიკის, სტუდენტებთან დამოკიდებულებისა თუ საერთაშორისო კონტაქტების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი ნიკა შავიშვილი საუბრობს.

-  ჩვენი სტუდენტები, ძირითადად, ქართულენოვანი საჯარო სკოლების საუკეთესო მოსწავლეები არიან, რომელთაც გააჩნიათ ინგლისურ ენაზე სწავლისა და აღქმის უნარები. სამწუხაროდ, ბევრ ახალგაზრდას გაცნობიერებული არ აქვს ინგლისურენოვანი სწავლების სირთულე. ზოგს ჰგონია, რომ ჩვენთან, უბრალოდ, ინგლისური ენა ისწავლება გაძლიერებულად. უცხოელი სტუდენტებიც გვყავს. ჩვენი სტუდენტების მესამედი უცხო ქვეყნებიდანაა.

- რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დიზაინის საერთაშორისო სკოლაში აპირებენ სწავლის გაგრძელებას?

- შესანიშნავი არჩევანია. გარწმუნებთ, რომ ჩვენთან ნებისმიერი მსურველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას მიიღებს. ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორსისო სკოლა ეფუძნება სტენფორდის უნივერსიტეტში 20 წლის წინ ჩამოყალიბებულ კონცეფციას - „დიზაინ აზროვნებას“. ეს პროექტირების ძირითადი ბაზისური დებულებაა, რომელიც არა პროფესიონალის, არამედ მომხმარებლის თვალთახედვას ითვალისწინებს. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ფაკულტეტის ფილოსოფიის ქვაკუთხედია, რომელიც გულისხმობს ამ ძირითადი კონცეფციის ცხოვრებაში იმგვარად გატარებას, რომ ყველა სახელოვნებო თუ ტექნოლოგიური მიმართულება მოიცვას. სკოლის დაარსება მსოფლიოში უმსხვილეს დიზაინერულ კომპანია „იტალ დიზაინს“ და მე-20 საუკუნის დიზაინერად აღიარებულ იტალიელ ჯორჯეტო ჯუჯაროს უკავშირდება. დიზაინის საერთაშორისო სკოლის დაარსება სწორედ ჯუჯაროს იდეითა და ხელშეწყობით მოხდა.

- დღესაც აგრძელებთ თანამშრომლობას ჯუჯაროსთან? 

- ის ჩვენთან პრაქტიკულ ურთიერთობას დღეს უკვე მოწყვეტილია, პენსიაზე გავიდა. ჯუჯაროს სახელმა სტუდენტთა პირველი ნაკადი მოიზიდა. შემდეგ კი ჩვენი ძალებით გავნაგრძეთ მუშაობა. სასწავლო პროგრამა ჩვენს პორტუგალიელ დამფუძნებელთან, პროფესორ ალექსი ველასკოსთან ერთად შემუშავდა.  დღეს ქართველი პროფესორ-მასწავლებლების გარდა, სასწავლო პროცესს უძღვებიან ბრიტანელი და  ამერიკელი პედაგოგები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები აქტიურად მონაწილეობენ სწავლების პროცესში.

- რით განსხავავდება დიზაინის სკოლა ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის  ფაკულტეტისაგან - ალბათ, მხოლოდ იმით არა, რომ სასწავლო პროცესი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს?

- არა, რა თქმა უნდა. აღვნიშნე კიდეც, რომ ძირითადი განსხვავება ჩვენი სკოლის ფილოსოფიური კონცეფციაა, რაც საფუძვლად უდევს სწავლებას. ეს „დიზაინ აზროვნებაა“, რაც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: პირველი - გამოყენება და განვითარება; უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიების აქტივიზაცია არა მხოლოდ სწავლების პროცესში, არამედ პრაქტიკაშიც. მეორე - კონკურეტუნარიანი მდგომარეობის შენარჩუნება და გაძლიერება დღევანდელ ბაზარზე. არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ დიზაინერული გადაწყვეტილებები სულ უფრო აქტიურად იჭრება ყველა მიმართულებით. მესამე - პროექტირება არა დიზაინერის თვალთახედვიდან, არამედ მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამით განვსხვავდებით ჩვენი კოლეგებისგან, რომელთაც დიდ პატივს ვცემ.

- წელი მთავრდება, მაგრამ არა სასწავლო წელი. რა სიახლე ელით მომავალი წლიდან დიზაინის სკოლის სტუდენტებს?

- დაარსებიდან ექვსი წლის მანძილზე ჩავატარეთ 50-ზე მეტი ღონიძიება - სწავლების ინტენსიური კურსების, ვორქშოფების, სემინარების, გაცვლითი სწავლების სახით. ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ინტენსიურად მუშაობდნენ და დღესაც აგრძელებენ მუშაობას ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტთან, ასევე, იტალიის არქიტექტურისა და დიზაინის ორ წამყვან სკოლასთან - ვენეციის უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტთან და მილანის ლეგენდარულ პოლიმთან. ცნობისათვის, მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი იტალიელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უმაღლესი სკოლაა. გარდა ამისა, მყარდება ურთიერთობა გერმანულ უმაღლეს სკოლასთან. ჩვენი სტუდენტები ყოველწლიურად მიეგზავრებიან წამყვან ქვეყნებში მოკლევადიან კურსებსა და გაცვლით ვორშოფებზე დასასწრებად. ამ გზით მოხვდნენ ჩვენი სტუდენტები ვენაში, მილანში. ცოტა ხნის წინ, რვა სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფებოდა გერმანიაში, მსოფლიოს გამორჩეულად მნიშვნელოვან ბაუჰაუზის დიზაინის სკოლაში, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ სკოლის ფილოსოფიას ეყრდნობა დიზაინის განვითარების მთელი შემდგომი პერიოდი. ბაუჰაუზის სკოლაში 8 დღე დავყავით და მის ყველა მნიშვნელოვან მიმდინარეობას გავეცანით. მომავალ წელს კი, ჩვენი სტუდენტების ჯგუფს საშუალება მიეცემა მსოფლიოში ერთ-ერთ განთქმულ, ჰელსინკის დიზაინის სკოლას ეწვიოს.  

- როგორ არჩევთ სტუდენტებს?

- ყოველწლიურად, სტუდენტთა ჯგუფების შესარჩევად არაერთი შიდა კონკურსი ტარდება. ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსებში, რაც კურიკულუმის ნაწილია და აქედან გამომდინარე, მონაწილეობა სავალდებულოა. არც ერთი სტუდენტი არ გვყავს ისეთი, რომელსაც რამდენიმე სავალდებულო კონკურსში არ ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული. ისინი ჯილდოებსა და პრიზებს იღებენ, ამით კი ჩვენი ფაკულტეტი პროფესიონალურად იზრდება, იხვეწება და ძლიერდება.

- რამდენი სტუდენტი ირიცხება თქვენთან?

- ჩვენ მხოლოდ 100 სტუდენტი გვყავს. სპეციფიკიდან გამომდინარე, დიზაინის სკოლის მისაღები კონტიგენტი საკმაოდ მცირეა. წელს მიღება 25 ადგილზე გვქონდა გამოცხადებული. ამ რაოდენობას დაემატა მობილობით გადმოსული უცხოელი სტუდენტები და ამ ეტაპზე, პირველ კურსზე 37 სტუდენტი ირიცხება. მთავარია, რომ დიზაინის საერთაშორისო სკოლის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია.

- მზარდია? რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- წელს, დიზაინის სკოლის ისტორიაში პირველად, 32-მა აბიტურიენტმა პირველი არჩევანი ჩვენს სკოლაზე გააკეთა, მეორე არჩევანი - 55-მა, მესამე - 61-მა და ა.შ. საერთო ჯამში კი, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სწავლის სურვილი 700-მა აბიტურიენტმა გამოთქვა. კონკურსი დიდი იყო.
გარდა ამისა, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სწავლობენ არა მხოლოდ უკვე ნაჩვევი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები, როგორიცაა: თურქეთი, ირანი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, არამედ ევროპის ქვეყნებიდანაც - ლიტვა, იტალიიდან. აქედანვე გვაქვს ინფორმაცია, რომ სტუდენტები შემოგვემატებიან გერმანიიდან და ავსტრიიდან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სკოლის პრესტიჟი იზრდება. ყველა, ვისაც ინტერესი აქვს დიზაინის საერთაშორისო სკოლის მიმართ, შემიძლია დავარწმუნო, რომ ჩვენ ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას ვაძლევთ. 

- ალბათ, რთული იქნებოდა პედაგოგების მოძიება.

- ნამდვილად რთული იყო. 

- ინგლისური ენის სწავლების უფასო კურსები თუ გაქვთ?

- დიახ, არის ამის შესაძლებლობა. ჩვენი კურსდამთავრებულები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში სპეციალობით მუშაობენ. სპეციალობით - ამას ხაზგასმით ვამბობ. ის, რომ ჩვენთან ინგლისურენოვანი სწავლებაა, სკოლას აკარგვინებს ქართულენოვანი კონტიგენტის დიდ ნაწილს, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ჩვენი სტუდენტები აბსოლუტურად მზად არიან. ამისთვის ინგლისური ენის სიღრმისეულად შესწავლაა აუცილებელი, რაშიც სტუდენტებს ფაკულტეტიც უწყობს ხელს. წელს დიზაინის სკოლაში ჩაირიცხა გოგონა, რომელმაც ვერ შეძლო ჩვენთან სწავლა, რადგან მან განაცხადის შევსებისას ყურადღება არ მიაქცია ინგლისურენოვან სწავლებას და რაკი ჩათვალა, რომ საკმარისად კარგად ფლობდა უცხოურ ენას, ჩააბარა კიდეც ჩვენთან. სამწუხაროდ, ვერ ისწავლა და სხვასაც დაუკარგა ადგილი.  

- გამოსავალი მსგავს სიტუაციაში რა არის?

- გადავწყვიტეთ, აბიტურიენტის ცნობარში დამატებით მივუთითოთ, თუ რა დონეზე უნდა ფლობდეს აბიტურიენტი ინგლისურ ენას, რომ ჩვენს ფაკულტეტზე შეძლოს სწავლა.

- ვფიქრობთ, სტუდენტს ხატვის უნარიც მაღალ დონეზე უნდა ჰქონდეს განვითარებული.

- პრაქტიკამ ცხადყო, რომ მხოლოდ ხატვის უნარი არ არის მთავარი. მე ვმუშაობდი მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ბრიტანელ არქიტექტორთან - რიჩარდ როჯერსთან, რომელმაც დააპროექტა ყველასთვის ცნობილი ლოიდის სადაზღვევო და სხვა მრავალი შენობა. როჯერსმა, პირად საუბარში მითხრა, რომ მას არ შეეძლო ხატვა - ანუ გრაფიკული უნარი იდეის გამოხატვისა ჰქონდა მწირი. მაგრამ ის იყო იდეების დიადი გენერატორი. ასე რომ, ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, აღვზარდოთ იდეების გენერატორი, ვიდრე შემსრულებელი, რომელიც სინამდვილეში ისედაც ბევრი გვყავს, თანაც მაღალი დონის.

 

სიახლეებში დაბრუნება