მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის განვითარების მიზნით, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თიანეთის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის განვითარების მიზნით, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თიანეთის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13-12-2019


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში ზურაბ გასიტაშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა მოაწერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მემორანდუმის მიზანია, სამომავლოდ, სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებმა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული მეცადინეობები თიანეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში გაიარონ.

ცნობისათვის:  2018 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მთის ფაკულტეტის აუცილებლობის შესახებ ინიციატივა გაჟღერდა. ამასთან, მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 000 ლარი გამოუყო,  რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა. ამ თანხით უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა მზადდება.

მემორანდუმის გათვალისწინებით, თამაზ მეჭიაურმა სტუ-ის ადმინისტრაციას შესთავაზა, რომ თიანეთში არსებულ 90-იან წლებში აშენებულ კოლეჯს ახალი დატვირთვა მიენიჭოს და ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალად ჩამოყალიბდეს. მისივე განმარტებით, უფუნქციოდ დარჩენილი კოლეჯის ძველი შენობა დღემდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაზე ირიცხება.

როგორც თიანეთის გამგებელი მიიჩნევს, თუ კოლეჯს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდება, ეს ადგილობრივი ახალგაზრდების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.

გარდა ამისა, თამაზ მეჭიაურის ინიციატივით, სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის გარკვეული რაოდენობის ლიმიტი უნდა გამოყოს.

„ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ყალიბდება.  ვინაიდან ფაკულტეტზე სწავლება არ უნდა იყოს მხოლოდ თეორიული, თიანეთის მუნიციპალიტეტი მთლიანად არის მთის კანონის დაფარვის ზონაში, ყველა სოფელი, ყველა დასახლებული პუნქტი. პირველი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს არის აბიტურიენტების მიღების წესი ფაკულტეტზე. მთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებისთვის უნდა გამოიყოს ლიმიტები, რათა მათ გარკვეული რაოდენობის სტუდენტების მომზადების საშუალება მიეცეთ. მეორე - სტუდენტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ პირველივე კურსიდანვე პრაქტიკული მეცადინეობები გაიარონ. სტუდენტი, სწავლის პროცესთან ერთად, მთაში მიმდინარე პროცესებთან უნდა ინტეგრირდეს, რაც თავისთავად, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას.  მათ თავიდანვე უნდა იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ და სად გამოიყენონ მიღებული ცოდნა. ეს იქნება წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ თიანეთში მთის ფაკულტეტის მოსამზადებელი ფილიალი ან კოლეჯი ჩამოყალიბდება. ამ მიზნით, ტექნიკურ უნივერსიტეტს შეგვიძლია შევთავაზოთ თიანეთის კოლეჯი, საკმაოდ კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. რომელიც არ არის დატვირთული, თიანეთში არსებული კოლეჯი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაზე ირიცხება. გარდა ამისა, კოლეჯის შენობა შესაძლებელია გამოვიყენოთ სტუდენტური პრაქტიკისთვის", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში ზურაბ გასიტაშვილმა მემორანდუმის მნიშვნელობასა და მიზნების შესახებ ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ევროპის უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით, მაღალმთიან რეგიონებში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ადგილობრივმა ახლგაზრდებმა სწავლის გაგარძელება იქვე შესძლონ.

მისივე თქმით, მთის განვითარებისთვის უნდა შემუშავდეს სახელმწიფო გლობალური პოლიტიკა, რასაც სპეციალიზებული, მასტიმულირიზებული კანონმდებლობა სჭირდება.

„უნივერსიტეტის ინტელექტუალურ მექანიზმების გამოყენებით, უნდა შევქმნათ ისეთი ტექნოლოგიური და საკანონმდებლო გარემო, რითაც მთა გახდება ინდუსტრიული ზონა, შემოქმედებითი ენერგიის მქონე და შემოსავლიანი. ამ მიმართულებით გამოგვადგება ევროპის ქვეყნების მაღალმთიანი ზონების საკანონმდებლო გამოცდილება. ჩვენს კოლეგებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მათთან. ავსტრიაში არის ისეთი მთიანი ზონები, საიდანაც დედაქალაქში არც კი ჩამოდიან მაცხოვრებლები, ეკონომიკურად იმდენად კარგი გარემო აქვთ. მათ მთის დატოვება მხოლოდ ფეხბურთის მატჩის ან სპექტაკლის საყურებლად უწევთ. სწორედ ასეთ რეგიონად უნდა ვაქციოთ არა მხოლოდ თიანეთი, არამედ საქართველოს სხვა მთიანი რეგიონებიც. ეს უნდა იყოს სახელმწიფო გლობალური პოლიტიკა, რომელსაც სპეციალიზებული, მასტიმულირებელი კანონმდებლობა და ფინანსები სჭირდება. საკანონმდებლო მექანიზმების შემოტანა მთის აღორძინებას შეუწყობს ხელს. როდესაც ადამიანი დაინახავს, რომ გარკვეული შემოსავლის წყარო რეალურია, ის თავისი ინიციატივით დაუბრუნდება მამაპაპეულ მიწას. რაც შეეხება უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, ის არც თუ მცირეა. ვგულისხმობთ გამოცდილებას აგრარულ სექტორში მთის ზონის მიმართულებით, ასევე ცოდნას დარგობრივი ტექნოლოგიების, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა თუ სხვა მიმართულებებით. გარდა ამისა, ჩვენ კარგი სასწავლო გარემო გვაქვს, გვაქვს კონტაქტები სკოლებთან, შეგვიძლია სკოლები უზრუნველვყოთ ტექნოლოგიებით, მასწავლებლებს შეუძლიათ მოსწავლეების ჩართვა დისტანციურ სასწავლო პროცესში და ა.შ. ასე რომ, თუ სახელმწიფო პოლიტიკა იქნება შესაბამისი, ჩვენც შევძლებთ შევქმნათ შესაბამისი გარემო“, - განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

ცნობისათვის, ამჟამად თიანეთის მუნიციპალიტეტის 13 სკოლაში 1100 მოსწავლე სწავლობს.

 

სიახლეებში დაბრუნება