ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ფარმაციის პროგრამის სტუდენტებს „გეფას“ წარმომადგენლები შეხვდნენ

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ფარმაციის პროგრამის სტუდენტებს „გეფას“ წარმომადგენლები შეხვდნენ

12-12-2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის - „გეფა“  (სააფთიაქო ქსელების - „ფარმადეპო“ და „ჯპს“ - მიმწოდებელი) - წარმომადგენლები შეხვდნენ.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტი მემორანდუმის საფუძველზე, წლების განმავლობაში ურთიერთთანამშრომლობს კომპანიასთან. თავის მხრივ, კომპანია „გეფა“ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმების მოქნილ გრაფიკს სთავაზობს.

კომპანია „გეფა“-ს სტუდენტებისთვის სტაჟირების გამორჩეულ პროგრამა აქვს: პირველი დღიდან ანაზღაურებადი სტაჟირება (განაკვეთის შესაბამისად); მუშაობის მოქნილი გრაფიკი (4,6,8 საათიანი სამუშაო დღე, სწავლასთან შეთავსებული); დასაქმების პერსპექტივა უკლებლივ ყველა წარმატებულ სტაჟიორს. 

კომპანიიის ინიციატივით, წარმატებული სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან სააფთიაქო ქსელში. ისინი სწავლის პერიოდიდანვე ეჩვევიან სამუშაო გარემოს, სადაც მომავალში უნდა გააგრძელონ კარიერული წინსვლა. ფაკულტეტზე კომპანიის წარმომადგენლები წელიწადში ორჯერ მოდიან და ხვდებიან ფარმაციის სტუდენტებს, რაც მათთვის მოტივაციაა. 

„ჩვენთან ბაკალავრის საფეხურზე 300-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, 35 კი - მაგისტრატურაში. უნივერსიტეტში ფარმაციის სპეციალობის შესწავლა 90-იანი წლებიდან დაიწყო, დღეს ჩვენი კურსდამთავრებელები მაღალ თანამდებობებზე არიან დასაქმებულები - ჯანდაცვის სამინისტროში, სხვადასხვა კომპანიებში. მოცემულ ეტაპზე, აფთიაქებში დასაქმებულთა ძირითადი წილი ჩვენს სტუდენტებზე მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის გადაწყვეტილებით, სტუდენტების დასაქმება მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი მისამართის შესაბამისად.  არდადეგების პერიოდში გვაქვს პრაქტიკები „ავერსში“, „ჯპს“-ში, „პსპ“-ში, ამ შემთხვევაშიც  სტუდენტები პრაქტიკას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადიან.

ფარმაცია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობაა.  წელიწადში, დაახლოებით, 70 აფთიაქი იხსენება, რაც სპეციალისტთა მოთხოვნას განაპირობებს. შესაბამისად,  კონკურენცია მაღალია. ცხადია, წარმატებული სტუდენტები მოთხოვნადია. სტაჟირების პარალელურად, მიმდინარეობს სტუდენტების გადამზადება“ - აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის უფროსი და პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ცინცაძე.

 

სიახლეებში დაბრუნება