ორმაგი დიპლომები სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - დეკანის ვიზიტი საფრანგეთში

ორმაგი დიპლომები სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - დეკანის ვიზიტი საფრანგეთში

13-12-2019
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიგა ქვარცხავას ინფორმაციით, ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ორმაგი დიპლომები მიიღონ. 

საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მისი სტუდენტებისა და ქვეყნისთვის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის საფრანგეთში ვიზიტის დროს გადაწყდა. 

ერთკვირიანი ვიზიტი, რომელიც 2019 წლის 25 ნოემბერს დაიწყო, ორი ნაწილისგან შედგებოდა. ვიზიტის პირველ ნახევარში სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი გიგა ქვარცხავა იმყოფებოდა მონპელიეში (საფრანგეთი), სადაც გაიმართა შეხვედრები EMaVE-ს (ევროპული სამაგისტრო პროგრამა მევენახეობასა და მეღვინეობაში) კონსორციუმის მონაწილე მხრეებთან. ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მიზანი იყო შეთანხმების მიღწევა კონსორციუმის ერთ-ერთ მხარესთან - SupAgro მონპელიესთან - ორმაგი დიპლომების სამაგისტრო პროგრამების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო ახლო მომავალში კი კონსორციუმში გაწევრიანება.

გიგა ქვარცხავას ვიზიტი დაემთხვა კონსორციუმის გეგმიური შეხვედრას, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება. SupAgro მონპელიეს ინიციატივით, გადაწყდა გიგა ქვარცხავას შეხვედრა კონსორციუმის წევრებთან და ამ სახით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარდგენა დასკვნით სხდომაზე.

25-29 ნოემბერს, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა (უდინეს უნივერსიტეტი, ლისაბონის უნივერსიტეტი, გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი, INRA) და არსებული ვითარება გააცნო. სტუ-ის დეკანი შეხვდა სტუდენტებთანაც. შეხვედრის შედეგად, რამდენიმე სტუდენტმა ერთი სემესტრის მანძილზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის სურვილი გამოთქვა.

კონსორციუმის დასკნით სხდომაზე სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი მოხსენებით წარსდგა, შემდეგ კი გაიმართა დისკუსია. საბოლოოდ მოხდა შეთანხმება, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი SupAgro მონპელიესთან გააგრძელებს მუშაობას ხელშეკრულების დეტალებთან დაკავშირებით, ხოლო კონსორციუმის სხვა წარმომადგენლები დააკვირდებიან პროცესს და/ან ინდივიდუალურად (გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი) იმუშავებენ ქართულ მხარესთან. შედეგების გასაჯაროება მოხდება კონსორციუმის მორიგ შეხვედრებზე, რაც საბოლოოდ, სტუ-ის EMaVE-ში გაწევრიანების წინაპირობა იქნება. გადაწყდა, რომ ფრანგული მხარე მზადაა მიიწვიოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრები, დოქტორანტები ან მკვლევრები სამუშაოების გარკვეული ეტაპების მონპელიეში განსახორციელებლად.

ვიზიტის მეორე ნაწილი საქართველო-საფრანგეთის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებას დაეთმო. საფრანგეთს სტუმრობდა საქართველოს დელეგაცია, საქართველოს საგარეო მინისტრის - დავით ზალკანიანის  ხელმძღვანელობით. საფრანგეთის მხარეს, ოფიციალურ პირებთან ერთად, წარმოადგენდა ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი. შეხვედრა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ ფარგლებში შედგა. მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდა. განათლებისა და კულტურის ფორმატში ქართული მხარე (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საფრანგეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აღინიშნა, რომ 2018 წელს დაარსებული ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფარგლებში, ყველაზე  წარმატებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან მზადაა მიიღოს სტუდენტები ორმაგდიპლომიან პროგრამაზე. საბაკალავრო პროგრამა - „რძის ტექნოლოგია და მენეჯმენტი“ - შემუშავდა უნივერსიტეტ რენ 1-სა და სტუ-ის შორის თანამშრომლობის საფუძველზე. ის სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე არსებული საბაკალავრო პროგრამის - „სასურსათო ტექნოლოგიების“ ნაწილი იქნება. ამ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები ორ დიპლომს მიიღებენ. შეხვედრის დასასრულ, საქართველო0ს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რენ 1-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმი გაფორმდა.

 

სიახლეებში დაბრუნება