ერეკლე II საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია

ერეკლე II საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია

29-11-2019


ერეკლე II საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია4-6  დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  II კორპუსში  კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ფოტოგამოფენას მოაწყობს,  სადაც წარმოდგენილი იქნება „ერეკლე II -ს  ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“. 

გამოფენაზე, რომელიც 4 დეკემბერს 14:00 საათზე დაიწყება,  გამოიფინება  ერეკლე II-ის კანცელარიის მიერ გაცემული უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი საბუთები, იშვიათი ხელოვნებით გამშვენებული სიგელები, მეფის იარაღისა და სკივრში დაცული გამორჩეულად საყვარელი ნივთების ჩამონათვალი, წერილები ცნობილ ქართულ საგვარეულოებთან, აღმოსავლეთისა და ევროპის მონარქებთან და სხვ. 

გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თემატური საინფორმაციო ბანერები: ჰერაკლიუსი - აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცი“, „ერეკლე II-ის ეპოქის წერილობითი მემკვიდრეობა“, „სამხედრო ნიჭი წარმოსახვასაც აჭარბებს“, „ერეკლე II და ევროპელი მმართველები“, „განათლება ერეკლეს საქართველოში“. 

პროექტის ორგანიზატორები არიან - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტალური და ბიომედიცინის ცენტრი. 

პროექტის იდეა კი, ეკუთვნით  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსს ნესტან ბაგაურს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს  რევაზ კლდიაშვილს. 

 უნდა აღინიშნოს, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის ქართველოლოგიურ კვლევებს ახორციელებს.  უმდიდრესი კოლექცია ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის საშუალებას იძლევა. პარალელურად, უმნიშვნელოვანესია მეცნიერების სხვა დარგებთან, მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან, თანამშრომლობა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სწორედ ამგვარი კვლევების ფარგლებში მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებებთან (ქიმიის, ფიზიკის, მემბრანული ტექნოლოგიისა და სამართლის). 

გამორჩეულად საინტერესო აღმოჩნდა თანამშრომლობა ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტალური და ბიომედიცინის ცენტრთან.   

ამასთანავე, 4 დეკემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ივანე ბერიტაშვილის სახელობის  ექსპერიმენტალური და ბიომედიცინის ცენტრი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ.  

ცნობისათვის, ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსი, დასაწყისი -  14:00 საათი. 

მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსი,   მ. კოსტავას 69.

 

სიახლეებში დაბრუნება