სპეციალურად სტუდენტებისთვის - სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრება და საპატიო მიზეზით გაცდენილი შეფასების/გამოცდის აღდგენა
08-11-2019
ამონაწერი "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის
მართვის ინსტრუქციიდან" (მუხლი 8)
სტუდენტი, რომელიც არ ეთანხმება სწავლის შედეგების შეფასებას (მიმდინარე შეფასება, შუასემესტრული/დაკვნითი/დამატებითი გამოცდა, ტესტირება, თემატური სემინარი, დისერტაციის, სამაგისტრო/საბაკალავრო ნაშრომის, საკურსო პროექტის/სამუშაოს, თემატური პროექტის, პრაქტიკის ანგარიშის დაცვა და სხვა სახის გამოცდა/ტესტირება/შეფასება), უფლებამოსილია, შეფასების შედეგის გაცნობიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, დასაბუთებული საჩივრით მიმართოს დეკანს და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა.
საჩივარსგანიხილავსდაშესაბამის დასკვნას შეიმუშავებს დეკანისბრძანებითშექმნილიდარგობრივიკომისია. დასკვნის საფუძველზე დეკანი იღებს გადაწყვეტილებასან უზრუნველოფს საკითხის ფაკულტეტის საბჭოზე განხილვას.
დეკანის/ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
ა) მოთხოვნილი შეფასების დადასტურება;
ბ) განმეორებითი შეფასება იგივე პირობებში;
გ) განმეორებითი შეფასება საკომისიო წესით;
დ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი.
იმ შემთხვევაში, თუ საკითხის განხილვისას გამოიკვეთა “სტუ-ს ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ნიშნები, საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა შესაბამის დისციპლინარული წარმოების განმახორციელებელ ორგანოს.
სტუ-ს საგამოცდო ცენტრმა, სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულის გარდა დამატებით შეიძლება შეიმუშავოს და გამოიყენოს შეფასების შედეგის გასაჩივრების სხვა წესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესს.
თუ სტუდენტი მიმდინარე შეფასებაზე, შუასემესტრულ ან/და დასკვნით/დამატებით გამოცდაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზით, მას უფლება აქვს შეფასების/გამოცდის აღდგენის თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართოს ვიცე-რექტორს აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 15 დღისა.
სტუდენტი ვალდებულია შეფასების/გამოცდის აღდგენის შესახებ განცხადებას დაურთოს საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები. სტუდენტმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს თავისი ელექტრონული უწყისების ამონაკრები (ამობეჭდილი აკადემიური მოსწრების რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სტუდენტის გვერდიდან).
სემესტრის დაწყებიდან პირველი 6 კვირის განმავლობაში ჩატარებული მიმდინარე შეფასებების აღდგენა უნდა დასრულდეს შესაბამის სასწავლო კურსში შუასემესტრულ გამოცდამდე, შუასემესტრული გამოცდის აღდგენა უნდა დასრულდეს მე-17 კვირის ბოლომდე (სესიების დაწყებამდე), მე-7 – მე-15 კვირების მიმდინარე შეფასებების აღდგენა – შესაბამის დასკვნით გამოცდებამდე, ხოლო დასკვნითი/დამატებითი გამოცდის აღდგენა – შემდეგი სემესტრის დასრულებამდე, დეკანატთან/საგამოცდო ცენტრთან/სასწავლო კურსის წამყვან პროფესორთან შეთანხმებულ დროსა და ადგილზე.
სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრებისა და საპატიო მიზეზით გაცდენილი შეფასების/გამოცდის აღდგენის წესები ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისათვის. ამ მიზნით იგი განთავსებული უნდა იყოს უნივერსიტეტის, საგამოცდო ცენტრისა და ფაკულტეტის ვებგვერდებზე.