საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, შედგა ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული საერთაშორისო პროექტ HERITAG-ისა და მისი პარტნიორი CulturWB-ის პროექტის ერთობლივი ფინალური განხილვა. პროექტი სამი წელია მიმდინარეობს და უკვე დასრულდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა შედეგები და სამუშაო, რაც უნივერსიტეტმა პროექტის ფარგლებში განახორციელა.
„ჩვენ მოხარულები ვართ რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული საერთაშორისო HERITAG პროექტის ფინალურ შეხვედრას. პროექტი მიზნად ისახავს გეოსივრცული ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას, ამ სფეროში მეტი განათლებისა და ტრენინგის საჭიროებას. ასევე, ამ მიმართულებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის დარგების შესაძლებლობათა გაძლიერებას, რაც მეტად აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ.
პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. საქართველოში პროექტ HERITAG-ის პარტნიორები არიან: საქართველოს ტექნიკური, ილიას და ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტები, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ და კომპანია „გეოგრაფიკი“.
პროექტის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით პროექტის მართვას ახორციელებს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი.
ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული პროექტი HERITAG-ი - „უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინარული რეფორმა ტურიზმის მართვისა და გამოყენებითი გეოინფორმატიკის სასწავლო პროგრამებში“ (HERITAG - Higher Education interdisciplinary Reform in Tourism management and Applied Geoinformation curricula) - ეხება გეოსივრცული ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას, ამ სფეროში მეტი განათლებისა და ტრენინგის საჭიროებას, ასევე, ამ მიმართულებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის დარგების შესაძლებლობათა გაძლიერებას.
პროექტი HERITAG-ი საქართველოსა და სომხეთში ოთხ ევროპელ პარტნიორთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის კოორდინატორია ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი).