ლიტვის მთავრობის ინიციატა ქართველი სტუდენტებისთვის
ლიტვის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის გრანტებს გამოყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 14 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტველი სტუმრები ეწვივნენ და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი დეივიდას კერტენისი, საქართველოში ლიტვის საელჩოს კანცელარიის უფროსი რასა ინდრიუნაიტე-ბარკალაია, ლიტვის უმაღლესი განათლებისა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების პროექტის კოორდინატორი გრეტა ნუტაუტაიტე, სვიეტიმო მაინუ პარამოსის ფონდის დირექტორის მოადგილე გრაცინა კაკლაუსკეინე, ლიტვის მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერი აგნე პერედნე, პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი და სხვები.
სტუმრებმა ისაუბრეს ლიტვაში განათლების მიღებასთანაა დაკავშირებული უპირატესობების შესახებ. მათ, ასევე, წარმოადგინეს კონკრეტული პროექტები, რომელთა ფარგლებშიც ქართველ ახალგაზრდებს ლიტვაში სწავლის გაგრძელება შეუძლიათ. მათ შორის იყო მხოლოდ ქართველ, ბელარუს და უკრაინელ სტუდენტებზე გათვლილი 7-7 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო გრანტები. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ, გაიარონ საზაფხულო კურსები ლიტვაში. რეგისტრაციის ბოლო ვადა 2013 წლის 1-ლი აპრილია. რაც შეეხება მაგისტრანტებს, მათთვის დედლაინი 2013 წლის 1-ელ აგვისტოსაა განსაზღვრული. დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა იხილონ ვებგვერდები: http://www.smpf.lt/; http://www.studyinlithuania.lt/ .
აღსანიშნავია, რომ სტიპენდიას ლიტვის მთავრობისგან განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდები მიიღებენ, ხოლო პროექტის პირველ ეტაპზე დაფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენის შემსწავლელ ცენტრში ენის კურსს გადიან.