მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროექტი PRINTeL - ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრეინინგები

პროექტი PRINTeL - ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრეინინგები

09-10-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის პროექტში “PRINTeL” – (Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries) - „საკლასო ოთახის ცვლილება: ინოვაციური სწავლების და სწავლის ხელშეწყობა სტუდენტების სასწავლო გამოცდილების ხელშესაწყობად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში გათვალისწინებულია ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული 5-დღიანი ინტენსიური (დაჩქარებული) ტრეინინგ-კურსები სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისათვის, რომლებიც ჩატარდება პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, კერძოდ:  ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია), ბარსელონას უნივერსიტეტი (ესპანეთი), პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია), ლინკოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი) და FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ავსტრია).

აღნიშნულ ტრეინინგ-კურსებზე დასასწრებად სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისათვის პროექტით გათვალისწინებული იყო 11 ადგილი.

კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის საკონკურსო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები, გამოქვეყნდა სტუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე წლის 25 ივლისს. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო არდადეგების ფონზე, ადრე გამოცხადებული კონკურსისთვის დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა (4 სექტემბერი) 11 სექტემბრამდე გაგრძელდა.

საგულისხმოა, რომ 11 ვაკანტურ ადგილზე სულ 26 განაცხადი შემოვიდა. მათგან ფაკულტეტების მიხედვით სტატისტიკური მონაცემები შემდეგი იყო:
  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი - 10
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - 3
  • საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 3
  • სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკლტეტი - 2
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - 2
  • სამშენებლო ფაკულტეტი - 2
  • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - 1
  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - 1
  • აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი - 1
  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი - 1
მიღებული სააპლიკაციო დოკუმენტაცია განხილული იქნა საკონკურსოდ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ მონაცემებს, როგორიცაა სამოტივაციო წერილი, EUROPASS CV, ინგლისური ენის ცოდნის დონე, პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ტრენერობის გამოცდილება. საბოლოოდ, მოთხოვნილი კვალიფიკაციების, კრიტერიუმებისა და მიღებული სააპლიკაციო დოკუმენტაციის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული იქნა 11 კანდიდატი PRINTeL პროექტის ფარგლებში ტრეინინგ-კურსებში მონაწილეობის მისაღებად.

ფაკულტეტების მიხედვით ნომინირებულ კანდიდატთა სტატისტიკა შემდეგი აღმოჩნდა:
  • საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 3
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - 2
  • სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკლტეტი - 1
  • სამშენებლო ფაკულტეტი - 1
  • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - 1
  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - 1
  • აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი - 1
  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი - 1
გამარჯვებულ კონკურსანტებს ეცნობათ შედეგები და მათ აიღეს ვალდებულება, რომ ევროპულ უნივერსიტეტებში ორგანიზებულ ტრეინინგებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება ტრეინინგის გავლიდან 3 თვის განმავლობაში გაუზიარონ სულ მცირე 10 კოლეგა-მასწავლებელს, გააცნონ მათ ტრეინინგების თემატიკა და ხელი შეუწყონ სტუ-ში სწავლისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების წახალისებასა და დანერგვას და შესაბამისად, სტუ-ში ინოვაციური პედაგოგიკის ელემენტების პოპულარიზაციასა და განვითარებას. ამასთან ერთად, სტუ-ს აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ეძლევა, აქტიურად ჩაერთოს PRINTeL პროექტის ძირითადი ფაზით დაგეგმილ სხვადასხვა აქტიოვობებში.

როგორც უკვე აღინიშნა, ტრეინინგ-კურსების მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერებისა და ინსტრუქტორების მომზადება, სწავლისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების მიმართულებით, რომ შედეგად, ტრეინინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ გაუზიარონ თავიანთ კოლეგებსა და სტუდენტებს. ტრეინინგ-კურსებში მონაწილეობის ხარჯები დაფინანსდება PRINTeL პროექტის ბიუჯეტიდან.

პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი  და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

ელ: ფოსტა erasmusplus@gtu.ge

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11