12 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
აშშ-ის “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან” (Millenium Challenge Corpiration MCC) თანამშრომლობის მეორე კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში, საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის იგეგმება 140 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს პროფესიული განათლების სექტორის ხელშეწყობა, რომლისთვისაც მოაზრებულია 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია.

აშშ-ის “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მოხდება საკონკურსო წესით, რომლის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მოხდება პროფესიული განათლების სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზი, პრობლემების შესწავლა და საჭიროების გამოვლინება, რომლის შემდგომ ეტაპზე იგეგმება წარდგენილი პროექტების შეფასება და დაფინანსება.
ამ მიზნით, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, 12-14 დეკემბერს საინფორმაციო ღონისძიებებს გეგმავს. ღონისძიებების ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორისა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საზოგადოებრივი და პროფესიული კოლეჯები) და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს აღნიშნულ პროგრამას წარუდგენენ და მათთან ერთად დეტალურად განიხილავენ კონკურსის პირობებს.