ლიტუანისტიკის ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
16 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტვური ენის შემსწავლელი ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ლიტვის საელჩოს კანცელარიის უფროსი რასა ინდრიუნაიტე-ბარკალაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში ზურაბ გასიტაშვილი, რექტორის მოადგილე სწავლების დარგში ლევან კლიმიაშვილი, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
შეხვედრაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი, სტუ-ის სტუდენტები. გამომსვლელებმა საქართველოში ლიტუანისტიკის ცენტრის გახსნისა და ზოგადად, ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე ლიტვური ენის შესწავლის ყველა მსურველს ექნება საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს ლიტვიდან მოწვეული პროფესორი კავალიაუსკასი წაიკითხავს.
აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დაფინანსება კი განახორციელა ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.