მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტი

მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტუდენტების მომზადებას, მართვის სისტემების, ავტომატიზაციის და ტესტ-ინჟინერინგის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
საბაკალავრო პროგრამა მოიცავს სასწავლო დისციპლინებს, რომელიც სტუდენტს აძლევს ფუნდამენტურ ცოდნას: მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების, ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერის არქიტექტურის, ელექტრონული სქემების შექმნის, ელექტრონული დაფების დაპროექტების, სიგნალების ციფრული დამუშავების, მიკროპროცესორების არქიტექტურის და მათი დაპროგრამების, დაპროგრამებადი ლოგიკური კონტროლერების, საზომი ტექნოლოგიების კომპიუტერული მართვის და ინფორმაციის ასახვის, ელექტროკომპონენტების და მათი მუშაობის პრინციპების, სენსორების მიკროპროცესორთან დაკავშირების, გაზომვის უკაბელო ტექნოლოგიების, საზომი აპარატურის დაპროექტების, სტანდარტიზაციის და მეტროლოგიური უზრუნველყოფის საკითხებზე.
სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სასწავლო დისციპლინებს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის მომზადებას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის. პრაქტიკული უნარების განვითარებისათვის ტარდება ლაბორატორიული და საწარმოო პრაქტიკები. დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა გამოცდილება და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი მიზნების შესრულების საწინდარია.
დეპარტამენტში, მონაცემთა შეგ როვებისა და დამუშავების იტერაქტიული პროგრამების შესადგენად, დანერგილია National Instruments კომპანიის საგანმანათლებლო პროგრამების ბაზაზე შექმნილი ინტეგრირებული გრაფიკული სისტემა LabView.
სისტემაში შესაძლებელია 50-მდე სხვადასხვა საზომ-საკონტროლო ხელსაწყოსთან მუშაობის შესწავლა, ხელსაწყოების იმიტაცია, პროტოტიპების შექმნა და რეალური გაზომვები.
დეპარტამენტში აქტიური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობს, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.
დეპარტამენტის 4 თანამშრომელი არის გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის, კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი.
გამოქვეყნებულია 20 მონოგრაფია;
გამოქვეყნებულია 500-ზე მეტი სამეცნიერო სტატია;
მიღებულია 100-ზე მეტი პატენტი და საავტორო მოწმობა გამოგონებებზე;
დეპარტამენტის თანამშრომლებს სამეცნიერო სამუშაოებისათვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის 2 პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
დეპარტამენტში შეიქმნა რამდენიმე თვისობრივად ახალი მიკროპროცესორული მოწყობილობა და მიღებულია გარკვეული მეცნიერული და პრაქტიკული შედეგები. დამუშავებულია ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის მოწყობილობის რამდენიმე მოდიფიკაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების უსადენოდ კვებისათვის, მოძრავი ობიექტებისათვის ელექტროენერგიის უსადენოდ მიწოდებისათვის, აკუმულატორების უკონტაქტო დამუხტვისათვის, ნათურების უსადენოდ განათებისათვის და სხვ. ასევე შეიქმნა ელექტრომაგნიტური რეზონანსის პრინციპზე მომუშავე მაცივრის ლაბორატორიული მოდელი, რომელსაც არ გააჩნია ძრავი და არ საჭიროებს რეაგენტ - ფრეონს, აქვს მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი.
პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით სტუდენტების მიერ შემუშავებულ იქნა საცხოვრებელი ბინებში ბუნებრივი აირის გაჟონვის სიგნალიზაციისა და მონიტორინგის სისტემა, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შექმნილი სისტემების დანერგვისა და სერიული გამოშვებისათვის.
დეპარტამენტში ყველა პირობაა შექმნილი, რომ სტუდენტმა მიიღოს კვალიფიციური განათლება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კუთხით.
სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, გამოფენებში.
კურსდამთავრებულებმა პროფესიული მოღვაწეობა შესაძლებელია განახორციელონ შემდეგ სფეროებში:
  • საწარმოო-ტექნოლოგიური;
  • საინფორმაციო-მმართველობითი;
  • საანგარიშო-საპროექტო;
  • სამეცნიერო-კვლევითი;
  • საინსპექციო;
  • საგანმანათლებლო (პედაგოგიური)
    კერძოდ, შეიძლება დასაქმდნენ:
  • იმ კომპანიებში, რომლებიც სპეციალიზდებიან ავტომატური მართვის სისტემების მონტაჟზე და აპარატურულ პროგრამულ მომსახურებაზე;
  • წარმოებაში, სადაც დანერგილია საზომ-მმართველი სისტემები და საზომი კომპლექსები;
  • ნებისმიერ კომპანიაში, რომელიც თავად მუშაობს საკუთარი ამოცანებისათვის განკუთვნილ ელექტრონული
    აპარატურის შექმნასა და მხარდაჭერაზე.
    აკადემიური კვლევით ინსტიტუტებში (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ);
  • შესაძლებელია სწავლის გაგრძელება დოქტორანტურის ფარგლებში მესამე საფეხურის აკადემიური/სამეცნიერო წოდების მისაღწევად (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ).

მეტი ინფორმაციისთვის მოგვძებნეთ facebook-ზე: მიკროპროცესორული სისტემები