28 დეკემბერს სტუ-ში სამეცნიერო სემინარი - „ომი და პატრიოტიზმი, როგორც კულტურის ფენომენები“, გაიმართება

28 დეკემბერს სტუ-ში სამეცნიერო სემინარი - „ომი და პატრიოტიზმი, როგორც კულტურის ფენომენები“, გაიმართება

23-12-2022

28 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი - „ომი და პატრიოტიზმი, როგორც კულტურის ფენომენები“,  გაიმართება.

სემინარი, რომლის მოდერატორები არიან პროფესორი დავით გურგენიძე და პროფესორი მამუკა ბერიაშვილი, 13 საათზე გაიხსნება.

სემინარში მონაწილეობენ: პროფ. ჯემალ გახოკიძე, პროფ. იაშა კუტუბიძე, პროფ. ივანე ჯაგოდნიშვილი და სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრები: დოქტორი ირაკლი თაბორიძე, დოქტორი ქეთევან რჩეულიშვილი, დავით გალაშვილი, გიორგი ბერიაშვილი; სტუ-ს დოქტორანტები: მარიამ ხაზარაძე, არჩილ დადიანი და გიორგი კაშიბაძე.  

სემინარის თემის შესახებ: ომი და პატრიოტიზმი ადამიანის კულტურული ისტორიის მნიშვნელოვან ფენომენებს წარმოადგენენ. ერთი შეხედვით, ომი მხოლოდ ნეგატიურ კონოტაციებს შეიცავს, ხოლო პატრიოტიზმი, მხოლოდ პოზიტიურს, თუმცა ომი იმთავითვე მშვიდობასთან დაპირისპირებული ცნებაა, უფრო ზუსტად კი, შეიძლება ითქვას, რომ ომი და მშვიდობა ერთმანეთის პრივაციულ ფორმებს წარმოადგენენ. იმავდროულად, უმეტესწილად ისტორიულად, ხოლო რიგ შემთხვევებში სისტემურადაც კი, ომის გმირები ცალკეული ერების ნაციონალურ გმირებად წარმოსდგებიან ხოლმე და ისინი, გარკვეულ კულტურტრეგერულ დატვირთვას ატარებენ და სწორედ ამის გამო, თავიანთი ერების პატრიოტებად წარმოსდგებიან ხოლმე. ყოველი ასეთი ისტორიულ-ლიტერატურული გმირი, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, გილგამეში, აქილევსი, ალექსანდრე მაკედონელი, კარლოს დიდი, თემურ ლენგი, ნაპოლეონ ბონაპარტი და ა.შ., სწორედ მათ მიერ განხორციელებული ომების გამო წარმოსდგებიან, როგორც დიდ ისტორიულ ან ისტორიულ-ლიტერატურულ გმირებად და, იმავდროულად, არიან კულტურტრეგერები.

ომი, ნებსით თუ უნებლიედ, გარკვეულ პოზიტიურ დატვირთვას იძენს კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში. სწორედ ომის პერიოდში, მანამდე „უმნიშვნელო“ ადამიანი, შეიძლება უეცრად ნაციონალურ გმირად და პატრიოტიზმის განსახიერებად იქცეს, თუმცა იქვე აღსანიშნავია, რომ პატრიოტიზმის ცნებაც არც ისე ცალსახად იძენს თავის განსაზღვრულობას, როგორც პოზიტიური ხდომილება. რადგან როგორც ვიცით, ჯერ კიდევ პლატონიდან მოყოლებული, გმირობასა და პატრიოტიზმს, როგორც პოზიტიურ მოვლენას, უპირისპირდება სიშლეგე ან აზრსმოკლებული თავგანწირვა. ამ შემთხვევაში, სიშლეგესთან ან გაუაზრებელ თავგანწირვასთან გათანაბრებული პატრიოტიზმი ერთჯერადი ხდომილების განზომილებას იძენს და ამით უკვე თავისი პოზიტიური კონოტაციისგან იცლება.

სწორედ ამის გამო, ჯერ კიდევ პლატონისთვის და არისტოტელესთვის ყოვლად მიუღებელი იყო პოლისური პატრიოტიზმი და პოლისისთვის გაწეული გმირობა, მხოლოდ ერთჯერად აქტზე რომ ყოფილიყო დაყვანილი. მათთვის მნიშვნელოვან ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა ის, რომ პატრიოტულად განწყობილი მოქალაქე მხოლოდ ის შეიძლება ყოფილიყო, რომელიც რაციონალურ საფუძველზე პოლისის სამართლიანობისა და კეთილდღეობისათვის იქნებოდა მზრუნველი, რომლის მაგალითი პლატონისთვის, მისი მასწავლებელი სოკრატე იყო.

პატრიოტიზმის ამგვარი გაგება განმსაზღვრელი აღმოჩნდა ახალი დროის მოაზროვნეებისთვისაც და ფილოსოფიურ რელევანტურობას, ამ კუთხით, დღემდე არ კარგავს. იმავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ომს, რომელიც დიდი ბოროტებისა და ზიანის მომტანია, როგორც  ერებისთვის, ისე მთლიანი კაცობრიობისათვის, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური, სამართლებრივი და ტექნიკური პროგრესის დაჩქარება შეუძლია. ჩვენი სემინარის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ამ ორი კულტურული ფენომენის სხვადასხვა ასპექტი შეძლებისდაგვარად ისე იყოს წარმოდგენილი, რომ მათი არსი, მიუხედავად წინააღმდეგობრივი ხასიათისა, მთლიანობაში იყოს წარმოდგენილი.

სიახლეებში დაბრუნება