საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს საგამომცემლო სახლ "ტექნიკური უნივერსიტეტის" რედაქტორის იზოლდა სემიკინას გარდაცვალების გამო.
ქალბატონი იზოლდა 1934 წლის 22 სექტემბერს ქალაქ ფოთში დაიბადა. საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მან სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე განაგრძო.
ქალბატონმა იზოლდამ მთელი ცხოვრება ახალგაზრდების აღზრდას დაუთმო. ის იყო განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამინი.
გამომცემლობა "განათლებაში" მუშაობის პერიოდში ეწეოდა უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობას. წლების განმავლობაში იყო საშუალო სკოლის ფიზიკისა და ასტრონომიის სახელმძღვანელოების, ასევე ამოცანათა კრებულებისა და მეთოდიკური ლიტერატურის რედაქტორი. ქალბატონი იზოლდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობაში 1966 წლიდან მუშაობდა და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა სახელმძღვანელოების რედაქტირების საქმეს.
იზოლდა სემიკინი იყო არაჩვეულებრივი შვილებისა და შვილიშვილების აღმზრდელი. გამოირჩეოდა ღრმა ერუდიციით, იყო ძალიან თავმდაბალი და ყველასათვის სამაგალითო ადამიანი.
ასეთად დარჩება ქალბატონი იზოლდა კოლეგებისა და მეგობრების ხსოვნაში.