საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში ნაშრომებისა და კვლევების გამოქვეყნების საშუალება ეძლევათ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან გაიმართა, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლების გარდა, ფაკულტეტზე მიწვეული გერმანელი პროფესორი იორგ ჰარდიც ესწრებოდა.
სიახლე, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაინერგება, ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ახალი სიტყვაა. გერმანიაში გამომავალ სამენოვან (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) პერიოდულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ნაშრომები გამოქვეყნდება და რაც მთავარია, გამოცემის გარეკანზე დატანილი იქნება ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგო.
„გამოცემის გარეკანზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგოს არსებობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ სამეცნიერო კრებულის გამოცემის თანამონაწილეები ვხდებით, რაც დროთა განმავლობაში ტრადიციულ სახეს მიიღებს“, - აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ვანო ჯაგოდნიშვილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრეების, დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ნაშრომების უპირობოდ გამოქვეყნებას სერიოზულ მიღწევად აფასებს.