15 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველად უმასპინძლა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN - ჟენევა, შვეიცარია) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მასტერკლასს ნაწილაკების ფიზიკაში.
მასტერკლასს ორგანიზება გაუწია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრმა. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო IPPOG-ის (International Particle Physics Outreach Group) წარმომადგენელმა საქართველოდან - ქეთევან მირზიაშვილმა.
მასტერკლასის მონაწილეებისთვის თეორიული და პრაქტიკული მუშაობის პროცესი მთლიანად შემეცნებით ხასიათს ატარებდა. ჩატარდა ვირტუალური ტური ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში, რომელსაც სტუ-ის პროფესორი, CERN-ის ATLAS ექსპერიმენტის ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე შარმაზანაშვილი უძღვებოდა.
CERN-ის მეცნიერებმა ჩაატარეს ლექციები, რომელთა თემატიკას ნაწილაკების ფიზიკა, აქტუალური ექსპერიმენტები და დეტექტორები წარმოადგენდა. თეორიული კურსის შემდეგ, მონაწილეებმა ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემები დაამუშავეს, სხვადასხვა ნაწილაკები და მათ შორის მიმდინარე პროცესები აღმოაჩინეს.
პარალელურ რეჟიმში, CERN-ის ანალოგიური მასტერკლასები მსოფლიოს რამდენიმე უნივერსიტეტში მიმდინარეობდა.
თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების დასრულების შემდეგ, CERN-ის მოდერატორების დახმარებით, მასტერკლასის მონაწილე ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შემაჯამებელი ვიდეოჩართვა განხორციელდა. ახალგაზრდებს ერთმანეთისთვის მიღებული ცოდნის გაზიარებისა და მოდერატორებისთვის საინტერესო შეკითხვების საშუალება მიეცათ. დღის ბოლოს კი, მონაწილეებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცათ.
CERN-ის საერთაშორისო მასტერკლასი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, CERN-ის მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგებსა და მონაცემებზე დაყრდნობით, ელემენტარული ნაწილაკების სამყარო აღმოაჩინონ, ასევე, შეხვდნენ მეცნიერებს, რომლებიც აწარმოებენ კვლევებს ნაწილაკების ფიზიკაში და გაიცნონ თანამოაზრე ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან.