ღია კარის დღეების ფორმატში აბიტურიენტებთან შეხვედრები გრძელდება

ღია კარის დღეების ფორმატში აბიტურიენტებთან შეხვედრები გრძელდება

 

ღია კარის დღეების ფორმატში აბიტურიენტებთან შეხვედრები გრძელდება

13-05-2025
ღია კარის დღეების ფორმატში აბიტურიენტებთან შეხვედრები გრძელდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი და პროფესორ-მასწავლებლები, ღია კარის ფორმატში, აბიტურიენტებთან და საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან შეხვედრებს მართავენ. 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა, სამი დღის განმავლობაში, თბილისის N10 საჯარო სკოლის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა. 

როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია აღნიშნავს, IT ტექნოლოგიები ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა მსოფლიოში, შესაბამისად, ამ მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება მზარდია. მისი თქმით, შეხვედრების მიზანია, ახალგაზრდებს გააცნოს უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა და STEM და IT მიმართულების პროგრამები, როგორიცაა: ინფორმატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ინჟინერია, მათემატიკა და საინჟინრო ფიზიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ახალგაზრდა თაობა ამ აქტუალური პროფესიებით დააინტერესოს.

2 (2).png

„ღია კარის ფორმატში რეგულარულად ვხვდებით როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს. ჩვენი მიზანია, სამიზნე ჯგუფებს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, გავაცნოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ფაკულტეტის შესაძლებლობები, სასწავლო ინფრასტრუქტურა, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ ჩამოუვარდება ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურას.

სამი დღის მანძილზე, თბილისის N10 საჯარო სკოლისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის, ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა დაათვალიერეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ჟიული შარტავას სახელობის სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი, ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრი, მიიღეს დეტალური ინფორმაცია ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამების, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმების, ასევე, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შესახებ. რაც მთავარია, ახალგაზრდებს ვესაუბრეთ კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და იმ ბენეფიტებზე, რასაც პროგრამების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ახალგაზრდა პროფესიონალი კადრები მიიღებენ.

3 (1).png

საგულისხმოა, რომ ღია კარის ფორმატის შეხვედრები ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტისა და სასწავლო პროგრამების პოპულარიზაციის პროცესში ჩვენი სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს, ჩვენთან ერთად უმასპინძლეს სტუდენტებმა: მირიან შამათავამ, მარიამ ქავთარაძემ, ანა ტვილდიანმა და ამანდა კვაშილავამ, ასევე, დოქტორანტებმა - მირანდა ღვალაძემ და მარიკა მოდებაძემ.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაინტერესოთ ახალგაზრდა თაობები STEM და IT მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებით, რაც, უდავოდ, ძალიან პერსპექტიული და ყველა დარგისთვის საჭირო სპეციალობებია“, - ამბობს თალიკო ჟვანია.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ღია კარის დღეების ფორმატში, ყოველკვირეულად, თბილისისა და რეგიონების რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლებს. 

სიახლეებში დაბრუნება