საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია - „ნანოტექნოლოგიები“ (სტუ - ნანო 2024) მიმდინარეობს. საერთაშორისო კონფერენცია ხუთდღიანია და მას მსოფლიოს 17 ქვეყნის - საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, იტალიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ეგვიპტის, თურქეთის, ირანის, კანადის, მექსიკის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთისა და ყაზახეთის სამეცნიერო დელეგაციები ესწრებიან.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, ნანოტექნოლოგიური კონფერენცია საქართველოში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და ე.წ. რეგულარული სერია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის ამ მნიშვნელოვანი სფეროს ყველაზე უფრო აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება.
კარლო კოპალიანის თქმით, „სტუ - ნანო 2024“-ზე მეცნიერები, მკვლევრები, ინჟინრები და ტექნოლოგები განიხილავენ ახალი ნანომასალების სინთეზის მეთოდებს, მათი სტრუქტურის, ფიზიკური, ქიმიური და ტექნოლოგიური თვისებების კვლევებს, აგრეთვე, ტექნიკაში მათი გამოყენების შესაძლებლობებს.
„სასიხარულოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაცია სამეცნიერო მიმართულებით. საერთო ჯამში, კონფერენციის ეროვნულმა საორგანიზაციო კომიტეტმა პრეზენტაციების 120 აბსტრაქტი მიიღო.
ავტორებს შორის არიან როგორც ამ სფეროს კარგად ცნობილი მკვლევრები, ასევე, პერსპექტიული ახალგაზრდა სპეციალისტები და დოქტორანტი სტუდენტები. ისინი წარმოადგენენ წამყვან უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებს მსოფლიოს 17 ქვეყნიდან. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 40-ზე მეტი წამყვანი მეცნიერი ესწრება კონფერენციას.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი კარგ პლატფორმად გადაიქცევა ნანონომინაციებისა და ნანოტექნოლოგიებისათვის, რომ გამართონ ფართო დისციპლინათშორისი დისკუსია და ამ გზით არამარტო ინტენსიური გახადონ არსებული თანამშრომლობა, არამედ ხელიც შეუწყონ მომავალ თანამშრომლობას ნანოტექნოლოგიურ კვლევებში. მივესალმები მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს. წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
„სტუ - ნანო 2024“-ის ზეპირი და პოსტერული სესიების თემატიკა მრავალფეროვანია. ის მოიცავს ნანოტექნოლოგიას, ნანოფიზიკას, ნანოქიმიას, ნანობიოოლოგიასა და ნანომედიცინას, ასევე ნანომასალათმცოდნეობას, ნანოინჟინერიასა და ნანოელექტრონიკას, ეხება ნანოუსაფრთხოებასა და ნანოგანათლებას და ა.შ. 17 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და სამეცნიერო ცენტრების მკვლევართა მიერ 140-მდე მოხსენებაა წარმოდგენილი.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა განაცხადა, 1959 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა, რიჩარდ ფეინმანმა თავის მოხსენებაში - “იქ, ქვევით საკმარისი ადგილია” - პირველად წამოაყენა მოსაზრება, რომ შესაძლოა ატომების გადაადგილება მექანიკურად, მანიპულატორების საშუალებით. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, ითვლება, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი ნანოტექნოლოგიების განვითარებაში. ტერმინი „ნანოტექნოლოგია“ კი, პირველად, 1974 წელს გამოიყენა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ნორიო ტანიგუჩიმ, რითაც რამდენიმე ნანომეტრის ზომის ობიექტის შექმნა განსაზღვრა.
“ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოშკალის დონეზე.
დღეისათვის, ნანოტექნოლოგია ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფეროა, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დარგში.
კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების ჩართვას საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა.
მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდს, კონფერენცია ფონდის საგრანტო ეგიდით მიმდინარეობს“, - განაცხადა დეკანმა.
ქართველი და უცხოელი მეცნიერები და სტუდენტები კონფერენციაზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგებს წარადგენენ და სამეცნიერო დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ.