სტუ-ში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დღე აღინიშნა

სტუ-ში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დღე აღინიშნა

 

სტუ-ში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დღე აღინიშნა

01-10-2024
სტუ-ში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დღე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დღე აღინიშნა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ლავრენტი გუდავაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ასევე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

ღონისძიება სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშილავამ გახსნა. მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა 2023-2024 სასწავლო წელს განახორციელეს, ასევე, ისაუბრა ახალ, 2024-2025 სასწავლო წლის გეგმებზე.

Cover gtu.png (13).jpg

დეკანმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. დღეს ჩვენი დღეა. 1922 წელს, მას შემდეგ, რაც თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე პოლიტექნიკური ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე თავდაპირველად სამი განყოფილება იყო: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო. სამთამადნო განყოფილებას გააჩნდა სპეციალობები - სამთო (საექსპლუატაციო), მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური. მას შემდეგ, უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ზრდის მაღალკვალიფიციურ სამთოელებსა და გეოლოგებს.

მრავალი წელია, სამთო-გეოლოგიური დარგის წარმომადგენლები და კერძო სექტორი ღიად საუბრობენ სპეციალისტების ნაკლებობაზე, რაც ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. თუმცა, 2024/25 სასწავლო წლის ეროვნული გამოცდებით სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩარიცხულთა რაოდენობა, გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია, რისთვისაც, მადლობა მინდა გადავუხადო რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის.

მადლობა სტუდენტებს, რომელთა თითოეული წარმატებული ნაბიჯი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სახლის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო „არემჯის“, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს ფაკულტეტს“, - განაცხადა დეკანმა.

როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტზე სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ მიიღონ ევროპული სტანდარტის განათლება. 

პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, სამთო-გეოლოგია ერთ-ერთი ურთულესი და ქვეყნის აღმშენებლობისთვის საჭირო პროფესიაა. 

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დღეს. ფაკულტეტისა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარად 102 წლისაა. სამთო-გეოლოგია არის სამრეწველო დარგი, რომელთანაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარება და წინსვლა. წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ დარგის განვითარების პარალელურად, ახალგაზრდებში დაინტერესება გაიზარდა. 

უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უდიდესი მხარდაჭერით, ყოველდღიურად აუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ფაკულტეტზე განახლდა ინფრასტრუქტურა. უნივერსიტეტი პარტნიორებთან ერთად ზრუნავს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტზე მოღვაწე მეცნიერებს, დეკანატს, სტუდენტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „არემჯის“ და წარმატება ვუსურვო მათ“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.

სიახლეებში დაბრუნება