სტუ-ის სტუდენტები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრ გიორგი გველესიანს შეხვდნენ

სტუ-ის სტუდენტები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრ გიორგი გველესიანს შეხვდნენ

 

სტუ-ის სტუდენტები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრ გიორგი გველესიანს შეხვდნენ

18-07-2024
სტუ-ის სტუდენტები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრ გიორგი გველესიანს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრს, UEFA Euro 2024-ის მონაწილეს, გიორგი გველესიანს შეხვდნენ. 

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრთან შეხვედრა, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კამპუსში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, გულღია ოვაციის ფონზე მიმდინარეობდა. სპორტსმენთან შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ნიკო ნიკოლაძის, მიშელ მუსხელისა და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბების ორგანიზებით შედგა.

ინტერაქციულ შეხვედრას მოდერაციას უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი და რექტორის მრჩეველი დავით ოქიტაშვილი უწევდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი და რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე.

გიორგი გველესიანის ვიზიტი სტუ-ში.png

როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ეროვნული ნაკრების წევრთან შეხვედრისას აღნიშნა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების  Euro 2024-ზე წარმატებულმა ასპარეზობამ ქვეყანა ერთ მუშტად შეკრა და ნანატრი გამარჯვების საერთო რწმენის ქვეშ გააერთიანა.  

„ეროვნული ნაკრების უდიდესმა გამარჯვებამ მოგვიტანა განუზომელი სიხარული და რწმენა, რომ  მორიგი ღირსეული გამარჯვებები გარდაუვალია. ჩვენი ფეხბურთელების წარმატებამ დაგვარწმუნა იმაში, რომ შრომით, წესრიგით, მშვიდობითა და ერთიანობით უდიდესი მიზნების მიღწევაა შესაძლებელი. ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოება და სტუდენტები გისურვებთ გმირ ფეხბურთელებს, ნაკრების მწვრთნელებს, ფეხბურთის ფედერაციას, ყველა ქომაგსა და მხარდამჭერს, ახალ გამარჯვებებს. წინ მსოფლიო ჩემპიონატია, წინ ევროპის მომავალი ჩემპიონატია, დარწმუნებული ვართ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ მრავალი გამარჯვება ელის“, - განაცხადა დავით გურგენიძემ. 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა გიორგი გველესიანმა აუდიტორიას ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, ეროვნული ნაკრების სამომავლო გეგმებსა და განწყობაზე, ქომაგთა სამომავლო მოლოდინების გამართლებაზე, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მზარდ ტენდენციებსა და ეროვნული ნაკრების პერსპექტივებზე, წარმატების საკუთარ ფორმულასა და ასევე, საინტერესო სპორტულ თემებზე ესაუბრა. 

„პირველ რიგში დიდი მადლობა სიყვარულით სავსე ეპითეტებისთვის, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დაუღალავი გულშემატკივრობისთვის - ვეცდებით თქვენი იმედები ყოველთვის გავამართლოთ. ერთ დროს მეც ვიყავი სტუდენტი, სამწუხაროდ, ვერ შევძელი სწავლის დასრულება, რადგან შეუძლებელია, ერთდროულად იყო კარგი სპორტსმენი და კარგი იურისტი. იყო ბევრი იმედგაცრუება, ბევრი სირთულე, თუმცა, არასოდეს დავნებებულვარ და დღესაც ასე ვაგრძელებ ჩემს არჩეულ გზას. ჩემს წარმატებაში ჩემი მეუღლის უდიდესი წვლილია. იგივე შეიძლება ითქვას ნაკრების დანარჩენ წევრებზეც. ფეხბურთი მასშტაბური სპორტია, რომელსაც მასშტაბური ემოციის გამოწვევა შეუძლია, მათ შორის, დაძაბულობის განმუხტვა და ერთიანობის შეგრძნების დაბრუნებაც. ნებისმიერ ადამიანს აქვს სურვილი, იცხოვროს ძლიერ და განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ ამისთვის, მხოლოდ, სურვილი საკმარისი არ არის, ამას დაუღალავი შრომა სჭირდება. ნებისმიერი საქმე, რასაც ხელს ჰკიდებს ადამიანი, დიდი შემართებითა და მოტივაციით უნდა აკეთოს, გამოიჩინოს შეუპოვრობა, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. დიადი მიზნები სხვაგვარად ვერ მიიღწევა. გვჯერა, თითოეულ ჩვენგანს დიდი მიზნები ამოძრავებს, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების გარანტიას ქმნის. საქართველოს გზა ევროპაშია, ჩვენი საერთო მოტივაცია ევროპისკენ სვლაშია“, - აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი გველესიანმა.

სტუდენტის შეკითხვაზე, თუ რა არის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატების უმთავრესი მიზეზი, გიორგი გველესიანის თქმით, ეს ერთიანი სულისკვეთება, დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება და ერთმანეთის პატივისცემაა. 

„ეროვნული ნაკრები ჩვენი დიდი ოჯახია, სადაც ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან ერთად, ყველას თავისი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აკისრია. წარმატება თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული. მოვიდა თაობა, რომელსაც აქვს დისციპლინის შეგრძნება, შრომისმოყვარეობა, ნიჭი და მოტივაცია. ჩვენი წარმატება, აუცილებლად, იქნება გადამდები, ახალგაზრდა თაობას ეროვნული ნაკრების ფორმები აცვია და წინ დიდი მომავალი ელის“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

გიორგი გველესიანი ავტოგრაფს აძლევს სტუ-ის სტუდენტებს.png

სტუდენტის შეკითხვას, თუ რა არის მთავარი მოტივაცია, რაც დასახულ მიზნამდე მიგვიყვანს, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა შემდეგი დეფინიცია მისცა: „პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდეთ, რისი მიღწევა გინდათ, სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი - არ აქვს მნიშვნელობა, ეს გეოდეზია იქნება, სპორტი, მშენებლობა, არქიტექტურა თუ ენერგეტიკა, ყველაფერს სჭირდება დიდი ენთუზიაზმი, რაც დაგეხმარებათ, იყოთ საუკეთესო თქვენს საქმეში“.

გიორგი გველესიანმა, ირანის საფეხბურთო კლუბებში თავის კარიერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში ბევრი გულშემატკივარი შეიძინა. შეკითხვაზე, აქვს თუ არა ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობა, ფეხბურთელმა აღნიშნა: „როდესაც ისპაანში ჩავდივარ, პირველად რასაც ვაკეთებ, ფერეიდნელ ქართველებს ვხვდები. ყოველთვის მაინტერესებდა მათი ყოფა, ის, თუ როგორ საუბრობენ, როგორ გულმოდგინედ შემოინახეს 5 საუკუნის მანძილზე მშობლიური ენა და ადათ-წესები, მაინტერესებს, რა სირთულეებს აწყდებიან და ა.შ. დღეს ბევრი ფერეიდნელი მეგობარი მყავს. წარმოიდგინეთ, როცა 88-მილიონიან ირანში თამაშებს ატარებ სტადიონზე, რომელსაც 80 ათასი კაცი ავსებს და ამ დროს, სტადიონზე საქართველოს დროშა ფრიალებს - ეს წარმოუდგენელი ემოციაა, უდიდესი სიხარულია, რომელსაც ახლა მე თქვენ გიზიარებთ“.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით კი, გიორგი გველესიანმა განაცხადა, რომ მას უდიდესი პოტენციალი გააჩნია. 

„რაც შეეხება მომავლის გეგმებს, გამარჯვებაც და დამარცხებაც გარდაუვალია. ამას ყველა ჩვენგანი უნდა შეეგუოს. მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტის გამომუშავება, რაც ადრე არ არსებობდა, ახლა ეს არსებობს. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს უდიდესი პოტენციალი, ის დაბალანსებულია ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებით, ჩვენზე მუშაობენ გამოცდილი მწვრთნელები, რაც გარდაუვლად მიგვიყვანს მორიგ გამარჯვებებამდე. თუ ჩვენ შევძლებთ 2 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატში ვიასპარეზოთ, ალბათ, ძალიან გაგვიჭირდება ამ სასიხარულო ემოციის ერთად გადატანა“, - აღნიშნა ეროვნული ნაკრების წევრმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა გიორგი გველესიანსა და ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი დაამსხვრია და საქართველოს გამარჯვების რწმენა გაუმყარა.

„თქვენ უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთეთ, დაამსხვრიეთ სტერეოტიპი და ჩვენ ყველამ ერთად ვირწმუნეთ გამარჯვების - რომ გამარჯვება შესაძლებელია და ჩვენ ამას ვიმსახურებთ. ვიცით, რომ ეს თქვენი უდიდესი შრომის შედეგია, მაგრამ არც ერთ სფეროში დიდი შრომის გარეშე შედეგი ვერ მიიღწევა. ჩვენ უკვე  განწყობილნი ვართ მორიგი გამარჯვებებისთვის, წინ პარიზის საერთაშორისო ოლიმპიადაა, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატია და გვჯერა, საქართველოს არაერთი წარმატება ელის“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.  

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ფეხბურთელსა და ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მადლობა გადაუხადეს იმ უდიდესი სიხარულისთვის, რაც მათ საქართველოს მიანიჭეს. ახალგაზრდებმა გიორგი გველესიანს ავტოგრაფები ჩამოართვეს და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

სიახლეებში დაბრუნება