საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 67 წლის ასაკში გარდაიცვალა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ეროვნული პრემიის ლაურეატი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და მეტალურგთა საზოგადოებას.
„დიდია ჩვენი გულისტკივილი და სინანული - ჩვენ გვერდით აღარ არის ძვირფასი კოლეგა და მეგობარი, შესანიშნავი მეტალურგი, პედაგოგი და მეცნიერი, უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი. მთელი თავისი ცხოვრება მან მშობლიურ ალმა მატერს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიუძღვნა და ქვეყანას ღირსეული თაობები, აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები აღუზარდა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები ათეულობით ნაშრომში, მონოგრაფიასა და პუბლიკაციაშია თავმოყრილი.
ვემშვიდობებით ბატონ ნუგზარ წერეთელს. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში, მუდამ მადლიერებით გავიხსენებთ ჩვენს მეგობარსა და კოლეგას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, მეგობრებს, მის აღზრდილებსა და მეტალურგთა საზოგადოებას. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, - ნათქვამია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.