საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტები, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პოეტს, პროზაიკოსსა და დრამატურგს ნინო სადღობელაშვილს და მწერალსა და დრამატურგს ბასა ჯანიკაშვილს შეხვდნენ.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. როგორც მან განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეორე წელია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია.
“ბუნებრივია, ყველა პროფესია, მით უმეტეს, საგანმანათლებლო სისტემა წიგნისა და ცოდნის პოპულარიზაციას უნდა ცდილობდეს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც მეორე წელია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება ტარდება, უნივერსიტეტის გამომცემლობა კი წლიურად 100-დან 120-მდე სამეცნიერო წიგნს გამოსცემს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია.
ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს.
სასიხარულოა, რომ ბიბლიოთეკას ჰყავს ათასობით აქტიური მკითხველი. სწორედ ესაა უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისია, ღონისძიების მიზანი კი არის სტუდენტებს ახლოს გააცნოს შემოქმედებითი ადამიანები, მწერლები, რომელთაც თავისი გზა გაკვალეს ქართულ ლიტერატურაში. მადლობას მოვახსენებ ნინო სადღობელაშვილს და ბასა ჯანიკაშვილს უნივერსიტეტში სტუმრობისთვის”, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ნინო სადღობელაშვილმა და ბასა ჯანიკაშვილმა სტუდენტების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.