საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ და რექტორის სახელით თავშესაფარში მცხოვრებ ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტუის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საახალწლოდ ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებ 80 ადამიანს, მათ შორის 21 ბავშვს, ერთი ლამაზი დღე აჩუქა.
„სტუ-ის რექტორის ინიციატივითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩვენ დავნერგეთ ერთგვარი ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დროს აქციებს ვმართავთ დევნილებისთვის, ხანდაზმულებისა და ლტოლვილებისთვის. სასიხარულოა, რომ ძეგვის თავშესაფრის მობინადრეები დიდი სიხარულით შეგვხვდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მისია წარმატებით შესრულდა“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს და სტუ-ის რექტორს გამოჩენილი ყურადღებისათვის.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანატს, სტუდენტებს ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის. ჩვენთან 21 ბავშვი ცხოვრობს, რომელთაგან 10 სასკოლო ასაკისაა, სხვები ჩვილები და საბაღე ასაკისა. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სასაჩუქრე პაკეტები ასაკის გათვალისწინებით შეარჩია და არცერთი ბავშვი, მშობლები და ხანდაზმული გულდაწყვეტილი არ დატოვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი სტუმრობა. თავშესაფარს ყოველთვის სჭირდება დახმარება, ეს იქნება საკვები პროდუქტი თუ სამოსი, ძალიან მადლიერები ვართ. დიდი მადლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შემოწირულებისთვის“, - განაცხადა ნანა გოგოჭურმა.